უკან დაბრუნება

აკაკი წერეთელი, მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს

კინოკადრები ფილმიდან „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, 1912 წელი

აკაკი წერეთელი 1840 წლის 21 ივნისს იმერეთში, საჩხერის რაიონ სოფელ სხვიტორში, როსტომ წერეთლის ოჯახში დაიბადა. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილთაშვილი იყო. 

 

„დავბადებულვარ თუ არა, ვაჟის შეძენით გახარებულ მამაჩემს დიდი ხნის გარისხული და სასახლიდან გაგდებული შინაყმა შეურიგებია, და მე კი ბებიას მაშინვე გავულახივარ. აი, როგორ მოჰყვებოდა ხოლმე ამ ამბავს გაზეპირებული „მამაო ჩვენოსავით" ცხონებული გადიაჩემი: „ვენაცვალე ჩემს კაკოს! (ბავშვობისას კაკოს მეძახდნენ) ამის დაბადებაც სულ სხვანაირი იყოო: დაიბადა ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა და ისე გაეკმიდა სული, რომ კრინტს არა სძრავდაო! ეს თურმე იმას ჰფიქრობდა: საიდან სად მოვედიო? და ბებიას კი გულშემოყრილი ეგონა და ჩქმეტა დაუწყო!.. ერთი-ორი კიდეც შემოუცაცუნა ხელი და ძლივს ხმა ამოაღებინაო! ვის უნახავს ამისი ტირილი? სულ იცინოდაო“ („ჩემი თავგადასავალი“).

 

აკაკიმ ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. "არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი", - წერდა აკაკი „ჩემს თავგადასავალში“.

 

აკაკის ქართული წერა-კითხვა დამ, ანამ ასწავლა, რუსული კი - დედამ. ბავშვობიდანვე ძლიერ გატაცებული იყო წიგნების კითხვით. 10 წლისას უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი“. ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო. პოპულარობა 1860 წელს „ცისკარში“ გამოქვეყნებულმა ლექსმა - „საიდუმლო ბარათი“ - მოუტანა. 

 

1852 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო სწავლა, 1859 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1862 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. მისი თემა „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალობა იყო. 

 

აკაკიმ 1864 წელს ცოლად შეირთო ნატალია ბაზილევსკაია.

აკაკი წერეთელი, პორტრეტი, ქუთაისი. ფოტოს უკანა მხარე შემდეგი მინაწერით:

„ჩვენი ხალხის წინამძღოლია

სამზავროთ წავლათ რაკია,

და უკან რომ არ დაიხევს,

ეს ბრძანდება აკაკია“.

ვ. ღვანკითელი. 1896 წლის 17 აპრილი.

დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ქორწინების 25 წლის იუბილეს მონაწილეები.

ჯგუფში სარაჯიშვილებისა და ფორაქიშვილების ოჯახის წევრები, აკაკი წერეთელი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია, მხატვარი გიგო გაბაშვილი.

1905 წლის 10 სექტემბერი.

ვარინკა წერეთელი, „სულიკო“ (ცვილის ლილვაკზე შემორჩენილი ჩანაწერი)

აკაკი წერეთლის რვეული, ავტოგრაფი, შავი. რვეულში შეტანილია: საყმაწვილო მოთხრობა „პატარა ტარიელი“, პოემა „ნათელა“, პუბლიცისტური წერილი „ფიქრები ბუხრის წინ“, 1890-იანი წლები.

აკა­კი წე­რე­თელ­მა დი­მიტ­რი ყი­ფი­ანის დაკრძალვისას წარმოთქმულ სიტყვაში მას "მე­ო­რე დი­მიტ­რი თავ­და­დე­ბუ­ლი" უწოდა. პოეტის ცნობილი ლექსი „განთიადი“ სწორედ დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას ეძღვნება.

აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე ეზოში წყალს ასმევენ სახედარს. დიდი ჯიხაიში. 1909 წელი.

„აკაკი წერეთელი ნიკო ნიკოლაძეს დიდ-ჯიხაიშში პირველად 1889 წლის ზაფხულში ეწვია სტუმრად, აგვისტოს თვეში. ის ნიკოს ვაჟის - გიორგის ნათლობას დაესწრო. გიორგის ნათლობა დიდი ზეიმით გადაიხადეს. ამის შემდეგ აკაკი ხშირად ჩადიოდა ჯიხაიშში...

აღტაცებაში მოყავდა აკაკი სხვადასხვა ცხოველებს, რომლებიც ნიკოს საზღვარგარეთიდან ყავდა ჩამოყვანილი და გაწვრთნილი. ამ ცხოველებს აკაკი ნიკოს ბავშვებთან ერთად ეთამაშებოდა. 1909 წელს მან ესპანურ თეთრ ვირთან სურათიც გადაიღო“.
აკაკი დევიძე, ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში. თბილისი. 1958.

„ქართველი ძეგლის წინ“ [1909-1910], ავტოგრაფი

ქართველმა ხალხმა აკაკი სიცოცხლეშივე შერაცხა სახალხო პოეტად, ამის დასტურია, რომ მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), დღესასწაულად იქცა.

აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში ფირზე ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა.

ფოტოზე: აკაკი წერეთლის პატივსაცემად გამართული მსვლელობა. ქუთაისი, 1908 წლის 14 დეკემბერი.

„ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე“.

1912 წელი.

რეჟისორი და ოპერატორი ვასილ ამაშუკელი.

ფილმი რესტავრირებულია 2009 წელს, „N&N სტუდიისა“ და „კინომემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის“ პროექტით, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კომპანია „ERNST&YANG“-ის ფინანსური მხარდაჭერით

აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები, 1912 წელი

ეწვიე ბმულს, შეავსე კითხვარი და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ აკაკის ცხოვრებასა და შემოქმედებას.