ფრაგმენტები თბილისის ოპერის თეატრის მსახიობებისა და ქორეოგრაფიული სტუდიის შესახებ უხმო კინოსიუჟეტიდან.
ევგენი მიქელაძე 1903 წლის 27 ივნისს (სხვა ვერსიით 1903 წლის 24 ივლისს) ბაქოში დაიბადა. იგი სიმონ კონსტანტინეს ძე მიქელაძისა და მარიამ (მაკა) ერისთავი-მიქელაძის მერვე შვილი იყო. ევგენის ხუთი და და ორი ძმა ჰყავდა.
1905 წელს ევგენის მამა გარდაეცვალა. 1910 წელს მიქელაძეების ოჯახმა დატოვა ბაქო და თბილისში გადმოსახლდა.
ევგენი მიქელაძე უფროს ძმებთან ერთად. ბაქო [1907 წელი]
„1913 წელს კადეტთა კორპუსში შეიყვანეს. აქ იმდენი იტრიალა ორკესტრანტებს შორის, რომ ბოლოს და ბოლოს საყვირზე დაკვრის სწავლა დაიწყო.
პატარაობიდანვე გამოავლინა დამოუკიდებელი ხასიათი. ძალიან ცელქი იყო. მიქელაძეები წარმოშობით კულაშელები იყვნენ და ზოგჯერ ჩადიოდნენ ხოლმე მშობლიურ სოფელში. არ დარჩენილა ჭა კულაშში, რომელშიც ჟენია არ ჩამძვრალიყოს“.
„კადეტთა კორპუსში ორი თვისებით გამოირჩეოდა - მუსიკალობითა და ყოყლოჩინობით. დაუდგრომელი ხასიათისა იყო. ვიღაცამ მოხდენილად შეარქვა „ყვინჩილა“. ასეთივე დარჩა ბოლომდე. კონდიუტში (დახასიათება) პირდაპირ ეწერა - ძალიან უბოდიშოდ ატრიალებს მუშტებსაო. ეს უმთავრესად იმიტომ ხდებოდა, რომ სასწავლებელში ადამიანურ ღირსებას ნაკლებად უწევდნენ ანგარიშს. ჟენია კი თავმოყვარე იყო, შეურაცხყოფას ვერ იტანდა“.
გიორგი თაქთაქიშვილი, „ევგენი მიქელაძე“, 1977 წელი.
კადეტთა კორპუსის მოწაფე ევგენი დედასა და ძმებთან ერთად
„ძალიან კარგი ქალი იყო დედამისი - მარიამ ივლიანეს ასული ერისთავი - მშვიდი, კეთილი და ალერსიანი. ჟენიას დიდი ხათრი ჰქონდა დედისა. მშობელს მონატრებული ერთხელ მცხეთიდან, სადაც იგი კადეტთა კორპუსში შესასვლელად ემზადებოდა, გამოიპარა და ფეხით ჩამოვიდა თბილისში. მაშინ 9 წლისა იყო“.
გიორგი თაქთაქიშვილი, „ევგენი მიქელაძე“, 1977 წელი.
ფოტო: ევგენი მიქელაძე დედასთან, მარიამ ერისთავი-მიქელაძესთან და უფროს ძმებთან ერთად
ევგენი მიქელაძე 1918-1921 წლებში თბილისის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა.
საქართველოს ეროვნულ არქივში, რეალური სასწავლებლის მოწაფეთა საარქივო დოკუმენტებს შორის, დაცულია ევგენი მიქელაძის პირადი საქმე. ხელით შედგენილ ატესტატს ახლავს ევგენი მიქელაძის ფოტო და ავტოგრაფი.
რეალურ სასწავლებელში გადასვლის შემდეგ კი სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ წევრი გახდა და ამ საზოგადოებას სასულე ორკესტრის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ორკესტრში თავადაც უკრავდა საყვირზე.
„შევარდენმა“ საფუძველი ჩაუყარა მის მეგობრობას ნიკო ნიკოლაძის ვაჟთან, მათემატიკოს, მეტალურგ, ალპინისტ გიორგი ნიკოლაძესთან, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სპორტის განვითარებაში.
ფოტო: სპორტული საზოგადოება „შევარდენი“ ლაშქრობაში, მარცხნივ პირველი დგას გიორგი ნიკოლაძე, ბოლოდან მეორე კი - ევგენი მიქელაძე
გიორგი თაქთაქიშვილის მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ევგენი მიქელაძე აქტიურად იყო ჩართული სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ ღონისძიებებში. საზოგადოება აწყობდა მცირე მასშტაბის ტურისტულ ლაშქრობებს შიომღვიმეში, ზედაზენში და სხვ. ჟენია, სხვა დამკვრელებთან ერთად, თან ახლდა სპორტსმენებს ალავერდში, მცხეთაში, ფოთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში, სადაც მასობრივი ვარჯიშობანი ტარდებოდა ხოლმე“.
ფოტო: ალავერდი, 1923 წელი. „შევარდენის“ წევრებთან ერთად ევგენი მიქელაძე (დგას მესამე რიგში მარჯვნიდან პირველი)
ევგენის მუსიკალობამ მაშინდელი "სახალხო გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრის" კაპელმაისტერ ვალერიან მიზანდარის ყურადღება მიიქცია და მალე ის უფროს მუსიკოსად დააწინაურა. 1921 წელს ევგენი მიქელაძე ქართული მსროლელი პოლკის მუსიკალური გუნდის წევრი გახდა. ვალერიან მიზანდარის ხელშეწყობით მან სწავლა კონსერვატორიაში გააგრძელა. მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის მეგობარი გიორგი თაქთაქიშვილი წერდა: „მიზანდარმა დიდი როლი შეასრულა ჟენიას ცხოვრებაში; კაცმა რომ თქვას, პრაქტიკულად სწორედ მან უბიძგა მიქელაძის დირიჟორობისაკენ“
ვალერიან მიზანდარის სამხედრო სასულე ორკესტრი. მარჯვნიდან პირველი დგას ევგენი მიქელაძე
ვალერიან მიზანდარის სასულე ორკესტრის კონცერტები სისტემატურად იმართებოდა ხოლმე თეატრებში, საზაფხულო ესტრადებზე, „თბილისის წრეში“. სრულდებოდა სიმფონიური, საფორტეპიანო და ინსტრუმენტული ნაწარმოებები. მიზანდარმა 1920-1922 წლებში მოღვაწეობა დაიწყო თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორად, სადაც მის ორკესტრში ევგენი მიქელაძეც უკრავდა.
ვალერიან მიზანდარს 1921 წელს თვალის დაავადება დაეწყო, 1922 წლიდან სინათლე დაკარგა, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა დირიჟორობას. სასულე ორკესტრში მას ხშირად ევგენი ცვლიდა.
ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან საზოგადოებამ 1924 წელს შექმნა პირველი ქართული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ივანე ფალიაშვილი დირიჟორობდა. ევგენი მიქელაძემ ჩამოაყალიბა ამ ორკესტრის სასულე ჯგუფი და თავად ვალტორნაზე უკრავდა.
ახალგაზრდა მუსიკოსთა სიმფონიური ორკესტრი მდიდარი რეპერტუარით მთელს საქართველოში აწყობდა გასტროლებს და კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად ასრულებდა დამწყებ ქართველ კომპოზიტორთა სიმფონიურ ნაწარმოებებს და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ამავე წლებში საზოგადოების ორკესტრის მცირე შემადგენლობა რუსთაველის თეატრში გამოვიდა. რამდენიმე ხანს ორკესტრი უკრავდა კინოთეატრ „აისში“, სადაც რამდენჯერმე ევგენი მიქელაძემ წარმატებით იდირიჟორა.
ამავდროულად, ევგენი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მოსწავლე იყო საკომპოზიტორო-თეორიული განხრით. „თბილისის კონსერვატორიაში მაშინ სადირიჟორო სპეციალობას არ ასწავლიდნენ. ხუმრობდა ხოლმე - ვერც თეორეტიკოსად წარმომიდგენია თავი და ვერც კომპოზიტორადო“, - წერდა თავის მოგონებებში გიორგი თაქთაქიშვილი.
1922-24 წლებში ევგენი მიქელაძე ქართული ნაწილების კაპელმაისტერის თანაშემწე იყო, 1925 წელს კი - მე-6 ქართული მსროლელი პოლკის კაპელმაისტერი. ამავდროულად, დაკავებული იყო სპორტით, მეგობრობას აგრძელებდა გიორგი ნიკოლაძესთან და „შევარდენის“ წევრებთან.
ევგენი მიქელაძე უკრავდა აკაკი ფაღავას მიერ დაარსებულ საოპერო სტუდიაშიც.
1925 წელს სასწავლად ლენინგრადში გაემგზავრა. მუსიკალურ ტექნიკუმის დასრულების შემდეგ კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. დირიჟორობას ის ჯერ ნიკოლაი მალკოს კლასში, ხოლო შემდეგ ალექსანდრე გაუკის ხელმძღვანელობით სწავლობდა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტები და პედაგოგები. პირველ რიგში, მარცხნიდან მესამე ზის ევგენი მიქელაძე. [1925 წელი]
„თბილისში სასწავლებლად დარჩენილი ახალგაზრდები ზოგჯერ ლენინგრადსაც ეწვეოდნენ ხოლმე. ჟენია დაფაცურდებოდა და კონცერტების ბილეთებს შოულობდა, ზოგჯერ ლექციებზე დასწრებასაც მოუხერხებდა. ეხმარებოდა ბინის შოვნაშიც და დასწრებასაც უხერხებდა.
ასე მოხდა, მაგალითად, როდესაც ორი შალვა ჩავიდა ლენინგრადში - აზმაიფარაშვილი და თაქთაქიშვილი. ეს უკანასკნელი იგონებს, როგორ ვიწროდ ცხოვრობდა მაშინ ჟენია. დღედაღამ მუშაობდა, მატერიალური მდგომარეობა ძალზე არასახარბიელო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, არაფრით მოეშვა ჩასულ მეგობრებს, თავის ოთახში დააბინავა, თვითონ კი სადღაც გადაიკარგა. მეტისმეტად ამაყი იყო, სისუსტეს არავის დაანახვებდა“.
სწორედ ამ სტუმრობისას აჩუქა „ორმა შალვამ“ ევგენის ოპერა „ტრავიატას“ კლავირი წარწერით: „ძვირფას ჟენიას, ლენინგრადში გატარებული დღეების მოსაგონებლად, ორი შალიკოსგან. 25 იანვარი, 1928 წელი“.
კლავირი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, ევგენი მიქელაძის პირად ფონდში. ფონდი 1970-იან წლებში ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური არქივის დირექტორ ვახტანგ გურგენიძის ინიციატივით შეიქმნა. ფონდში ინახება რეპრესირებულ დირიჟორის შესახებ საბჭოთა რეჟიმს გადარჩენილი დოკუმენტები და პირადი ნივთები.
ლენინგრადის კონსერვატორიაში სწავლისას საოპერო სტუდიაში მიქელაძის დადგმული პირველი ოპერა იყო რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“, შემდეგში კი „ევგენი ონეგინს“ და „ტოსკას“ დირიჟორობდა. კონსერვატორიაში სწავლა 1931 წლის გაზაფხულზე დაასრულა, თუმცა მანამდე, 1931 წლის თებერვალში, ევგენი მიქელაძე თბილისში თავისი მეგობრის, გიორგი ნიკოლაძის დაკრძალვაზე საგანგებოდ ჩავიდა. როგორც გიორგი თაქთაქიშვილი იგონებს, მან მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად დაკრძალვაზე იდირიჟორა კიდეც.
ფოტო: გიორგი ნიკოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი საქართველოს მეტალურგიული ინსტიტუტის სააქტო დარბაზში. დგანან: მიქელ პატარიძე, ევგენი მიქელაძე, ელიკო ლორთქიფანიძე და ასმათ ნიკოლაიშვილი. 8 თებერვალი, 1931 წელი.
1931 წლის შემოდგომაზე ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორად, 1934 წლიდან კი მთავარ დირიჟორად დაინიშნა. პირველივე სეზონში (1931-1932 წლები) აღადგინა დონიცეტის ოპერა „დონ პასკუალე“ რომელიც თბილისში პირველად 1853-54 წლის სეზონზე დაიდგა. ამას მოჰყვა „ოტელო“, „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ფაუსტი“, ბალეტი „მთის გული“ („მზეჭაბუკი“) და სხვ.
„მთის გულის“ დადგმაზე ევგენი მიქელაძემ ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად იმუშავა. ამ ბალეტის დადგმის თარიღი - 1936 წლის დეკემბერი - ქართული ბალეტის დაბადების თარიღადაა მიჩნეული.
საკონცერტო პროგრამები
ევგენი მიქელაძე სიმფონიური ორკესტრის წევრებთან ერთად. ბორჯომი, 1935 წელი
ევგენი მიქელაძე (მარცხნიდან მეოთხე) თბილისის საოპერო თეატრის ფეხბურთის გუნდის წევრებთან ერთად.
ევგენი მიქელაძე სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდიის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად. ფოტოაპარატით - დავით ჯავრიშვილი. 1936 წელი
1935 წელს ჩამოყალიბდა სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დავით ჯავრიშვილი. ევგენი მიქელაძის ხელძღვანელობით სტუდიაში 1936 წელს დაიდგა ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“. მოსწავლეებთან მუშაობისას ევგენი მიქელაძე დიდ ტაქტს, სიყვარულსა და მოთმინებას იჩენდა, - წერდა გიორგი თაქთაქიშვილი.
ამ ფოტოსთან ერთად, შემორჩენილია რამდენიმეწამიანი კინოკადრი (წარმოდგენილია ამ გვერდის დასაწყისში), რომელიც ბალეტის მონაწილეებს ასახავს.
ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“, შესავალი. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ორკესტრი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე. 1937 წელი
ევგენი მიქელაძე, ქეთუსია ორახელაშვილი და მათი შვილები: თინათინი და ვახტანგი. 1937 წელი
1937 წლის იანვარში მოსკოვში ქართული ხელოვნების პირველ დეკადის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. დეკადის ფარგლებში მაყურებელმა მისი დირიჟორობით იხილა საოპერო სპექტაკლები „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“, ასევე, ფრაგმენტი ბალეტიდან „მზეჭაბუკი“.
ევგენი მიქელაძე ამავე წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წლის ივნისში დააპატიმრეს მისი სიმამრი მამია ორახელაშვილი - სსრ კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი. ამავე წლის 4 ნოემბერს დააპატიმრეს ევგენი მიქელაძე, ხოლო მომდევნო დღეს მისი მეუღლე. დირიჟორს ოფიციალურად ბრალად დასდეს ჯაშუშური კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა და მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრობა, მავნებლობა ოპერის თეატრში, შუამავლობა ამ ორგანიზაციების ცენტრსა და ხალხის მტერ მამია ორახელაშვილს შორის.
საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის სხდომის 1937 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახრეტა მიუსაჯეს, რაც 22 დეკემბერს მოიყვანეს სისრულეში.
ქეთუსია ორახელაშვილი, როგორც ხალხის მტრის მეუღლე, 1938 წლის 7 იანვარს 5 წლით აზიაში გადაასახლეს. თინათინი და ვახტანგი მამიდამ შეიფარა.
დიდიმ მირცხულავას მოგონება ევგენი მიქელაძის შესახებ
ევგენი მიქელაძე. უცნობი მხატვარი. უთარიღო
ქეთუსია ორახელაშვილი: „ის დარჩა მუდამ ახალგაზრდა, მე დავბერდი... ალბათ დავიბადე იმისთვის, რომ განსაზღვრული დრო ვყოფილიყავი ძალიან ბედნიერი და ვიყავი კიდეც. როცა გავიცანი, სულ პატარა ბავშვი ვიყავი. განსხვავება დიდია ჩვენს შორის, 11 წელი. მისი პირველი კონცერტი კარგად მახსოვს, როდესაც ჩამოვიდა ლენინგრადიდან, სტუდენტი იყო, ყოფილ „სტელას“ ბაღში, თბილისში, გამართა შტრაუსის ვალსების საღამო. მე ვიყავი ალბათ 13-14 წლის... [კონცერტის] შემდეგ გამომხედა და თბილად დამიძახა:
- „მოდი, მოდი ჩემთან, მოდი“ და მკითხა: - „როგორ მოგეწონა? მე ვუპასუხე:
- „ძალიან! ცეკვა მინდოდა!“
- „ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეფასებაა, მაშასადამე მოგწონებია“.
ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც დამამახსოვრდა.
იმ საღამოს [1937 წლის 4 ნოემბერს] ჩემთან ამოვიდა და მეუბნება:
- „სამწუხაროდ, უნდა დავრჩე თეატრში, რაღაც არ გამოვიდა წარმოდგენა და როგორ წახვალ ამ ღამეს მარტო?“ გამოვედით თეატრიდან, იმ დღეს იმელის შენობას ხარაჩოებს ხსნიდნენ. ვეუბნები:
- „წამოვი, ვნახოთ რა იმელი!“
- „არა, ხვალ“, - მიპასუხა. მე ვუთხარი:
- „თუ გვაქვს ეს ხვალ“, - აი, ეს სიტყვები ვთქვი უცნაურად. მართლაც, არ გვქონია ხვალ... სახლში არ დაბრუნებულა. რომ გავახილე თვალები, სამი კაცი იყო ჩემს ოთახში და მკითხეს: - „სად არის?“ ვუთხარი, თეატრშია-მეთქი, არ უნდა მეთქვა, მაგრამ დავიბენი, რომ არ მეთქვა, შეიძლება მოესწრო სახლში მოსვლა. ეს სამუდამოდ დამრჩა...“.
ფრაგმენტი ქეთუსია ორახელაშვილის მოგონებიდან, რომელიც მან ლიტერატურისა და ხელოვნების არქივში ევგენი მიქელაძის დაბადების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოს მონაწილეებს გაუზიარა.
გვერდზე გამოყენებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
გვერდის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, მაია ქირია, გიორგი კაკაბაძე, თამარ ბჟალავა, მარინა სხირტლაძე, მაია ნახუცრიშვილი, ქეთევან სადაგიშვილი, ეკატერინე სანიკიძე, სოფიო ფაციაშვილი, ვალერი ლევჩენკო.