ფოტოგამოფენა „რაჭა“
ამბროლაურის კულტურის ცენტრში - სახვითი ხელოვნების მუზეუმში ფოტოგამოფენა „რაჭა“ გაიმართა.
2014 წლის 10 სექტემბერს გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ გახსნეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა. მათ შორის XIX საუკუნეში დიმიტრი ერმაკოვისა და იტალიელი ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას მიერ რაჭაში გადაღებული ფოტოები - ტიპაჟები, ხედები, ხუროთმოძღვრების ძეგლები; რაჭა-ლეჩხუმში აკაკი წერეთლის მოგზაურობის ამსახველი ფოტოები (1912). გარდა ამისა, წარმოდგენილია XX საუკუნის ამბროლაური, ონი, შოვი; 1987 წლის წყალდიდობა და 1991 წლის მიწისძვრა რაჭაში; კადრები მხატვრული ფილმიდან „რაჭა ჩემო სიყვარულო“ (1977).
გამოფენის პარალელურად, ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებული პირველი ქართული დოკუმენტური ფილმიდან „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.
ფოტოგამოფენა რამდენიმე კვირას გაგრძელდა.