აუდიო: სიმღერა ფილმისათვის „გლახის ნაამბობი“. კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, 1961 წელი.
ილია ჭავჭავაძე ყვარელში 1837 წლის 7 ნოემბერს (ძველი სტილით 27 ოქტომბერს) დაიბადა.
პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორის დროს გამოჩენილი ადამიანი ყოფილა. ილიას მამა, გრიგოლი, სამხედრო ოფიცერი იყო, ილიას დედა კი მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილი გახლდათ.
ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ჩანაწერი ილია ჭავჭავაძის დაბადების შესახებ. ჩანაწერის მიხედვით, ილია დაიბადა 1837 წლის 20 იანვარს და მოინათლა იმავე თვის 26 რიცხვში, თუმცა თავად მწერალი თავის ავტობიოგრაფიაში წერს, რომ დაიბადა 27 ოქტომბერს.
ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ამ შეუსაბამობის გასარკვევად, კითხვით მიმართეს ილიას დას - ელისაბედს, რომელმაც უპასუხა: „ტყუილია, ვითომ განსვენებული ჩემი ძმა დაბადებულიყვეს იანვარში... ჩვენს ოჯახში იყო სახარება, რომელშიაც მამაჩემისაგან საკუთარის ხელით იყო აღნიშნული ყველა მისი შვილის დაბადების დღე. კარგად მახსოვს, ჩემი ძმის ი.ჭ.-ის შესახებ ეწერა, რომ დაიბადა 27 ოქტომბერს“ (ელისაბედ ჭავჭავაძის მოგონება, ლიტერატურული მემკვიდრეობა, წ. 1, 1935, გვ. 552, 555).
ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფიიდან:
„მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა. დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლებული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი.
ფოტოზე: ილიას სახლი ყვარელში
საღამოობით დაგვსხამდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს; წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარს და მეორე დღეს საღამოზედ გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით.
სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან — ქართული წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.
ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის - „დიმიტრი თავდადებული“ - თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა“.
ფოტოზე: ილიას სახლი ყვარელში
10 წლის ილიას დედა გარდაეცვალა. ძმისშვილების აღზრდა მამიდამ – მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავმა - ითავა. ამ დროისთვის ილიას ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
„მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისის მაშინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ უკეთესი იყო. 15 წლისა ვიყავი, როცა ამ პანსიონიდან ტფილისის გიმნაზიაში შევედი“, - წერდა ილია ავტობიოგრაფიაში.
ილიას პირველი პოეტური ტექსტები - „რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი” და „...დავსწერ სოფლისა ქებასა” - 14 წლის ასაკში შეუქმნია. ორივე ლექსი დაწერილია სოფელ ჩალაუბანზე. როგორც ილიას მეგობარ კოხტა აფხაზის მოგონებიდან ჩანს, ამ სოფელში ის და ილია ჭავჭავაძე გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხვდნენ:
„ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით [ორივე გემნაზიელები]... ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით... საღამოთი შინისაკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რო ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა, კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო, შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ. მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი (რწყილები) დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვვარდით”.
ილიას პირველი პუბლიკაცია - თარგმანი ლექსისა „ჩიტი“ 1857 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა.
15 წლის ილიამ მამაც დაკარგა. ამ ტრაგედიის გამო დაწერა თავისი ერთ-ერთი პირველი ლექსი „მოთქმა საწყლისა“:
„ერთხელ მეც მქონდა ბედნიერი დრო,
როს დედ-მამასთან მე მქონდა ყუდრო,
მარა სიკვდილმან იგი წამართო,
ჭმუნვითა დამყო წყეულმან მარტო,
ვხედამ მე ბევრსა, ბედით არს მტკბარი,
ყოვლისფრით სავსე არს მოცინარი,
ხოლო გზა ჩემი მათ გვერდზედ არი
და ჩემს თვალზედა არ არის დარი.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1857 წელს, ილია საქართველოდან გაემგზავრა და სწავლა დაიწყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
ამ დროისათვის პეტერბურგის უნივერსიტეტში ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა იყო ის ბირთვი, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეადგინა თერგდალეულთა მიმდინარეობა და საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
კოხტა აფხაზის (ილიას დის მეუღლე) მოგონება: “უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა... ჩვენ, სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.
სტუდენტობის პერიოდი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი თვალსაზრისით უხვი გამოდგა. ამ დროს მიეკუთვნება პოემები: „აჩრდილი“, „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“; პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებების); სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე ეროვნული იდეალებით გამსჭვალული ლექსები: „გუთნისდედა“, „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „პოეტი“ (1860), „ტყემ მოისხა ფოთოლი“, (1861) და სხვა.
ფოტოზე: ილია ჭავჭავაძე პეტერბურგელ ქართველ სტუდენტებთან ერთად. პეტერბურგი, 1859 წელი.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?"
1861 წელი.
ავტოგრაფი. ფოტოასლი.
ილია ჭავჭავაძის სახელი ქართული თეატრის ისტორიაშიც ჩაიწერა. 1859 წელს პეტერბურგიდან თბილისში დროებით დაბრუნებულმა ილიამ თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში დადგა „ცოცხალი სურათები“ „მეფე ლირიდან“ და „ძველი აღქმიდან“.
დადგმაში მონაწილეობენ: მისი და ელისაბედი, ნათესავი ნიკო ჭავჭავაძე, ელენე ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა, გიორგი XII-ის შვილიშვილი – ვერა ბაგრატიონ-გრუზინსკაია, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი სოფიო და ვაჟი დავითი და სხვები. მეფე ლირის როლი ილიამ თავად შეასრულა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ მასში მონაწილეებმა ფოტო გადაიღეს.
თბილისი, 1859 წელი. რეპროდუქცია.
ილიამ პეტერბურგის უნივერსიტეტი სწავლის დაუსრულებლად დატოვა. მის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:
„1861 წელს უკვე მეოთხე კურსზედ ვიყავ, მაგრამ გავანებე თავი უნივერსიტეტს მაშინ საუნივერსიტეტო არეულობის მიზეზით.
1863 წელს დავაფუძნე ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, რომელმაც სულ ერთს წელიწადს იცოცხლა“.
ჟურნალი ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას. მასში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები.
„საქართველოს მოამბემ“, რომლის მხოლოდ 12 ნომერი გამოიცა, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.
1863 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილი გაიცნო და ამავე წლის აპრილში მასზე დაქორწინდა
1864 წელს ილია ჭავჭავაძემ მუშაობა დაიწყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ. მხარს უჭერდა ამ პერიოდში მიმდინარე პროცესს - ყმების განთავისუფლებას - რის გამოც თავადაზნაურობის გულისწყრომას იწვევდა. 1864 წლის ნოემბრიდან თბილისში დაბრუნდა და საგლეხო რეფორმის პროცესში აღმოსავლეთ საქართველოში მომრიგებელ შუამავლად დაინიშნა.
1868—1873 წლებში მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ.
იმ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შექმნა მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის მნიშვნელოვანი ქმნილებები — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).
ილია ჭავჭავაძე დუშეთის საზოგადოებასთან ერთად, 1873 წელი
1860-იანი წლების ბოლოს ილია ჭავჭავაძემ თანამოაზრეებთან ერთად მუშაობა დაიწყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაზე. 1873 წელს მის მიერ შედგენილი ბანკის წესდება დასამტკიცებლად რუსეთში გაიგზავნა და ამავე წელს ილია თავადაც ჩავიდა პეტერბურგში საკითხის გადასაწყვეტად.
ავტობიოგრაფიიდან: „ამ საქმის გულისათვის სახელმწიფო სამსახურს თავი დავანებე და პეტერბურგს წავედი. წესდება ზემოხსენებულის განსაკუთრებულის თვისებით დაამტკიცა მთავრობამ 1875 წელს. ამ წლიდან დაიწყო ბანკმა მოქმედება და, თუმცა ძირის თანხად ჰქონდა 240.000 მან., დღეს იმ მდგომარეობამდე მიაღწია, რომ ყოველწლივ 360.000 მანეთზედ მეტს მოგებას იძლევა. თან ძირის თანხაც, თავად-აზნაურთაგან შემოტანილი ბანკის დასაფუძნებლად, უკვე უკან დაუბრუნდა თითოეულს დამფუძნებელს წევრს. ამჟამად ბანკის მოგებით ინახება ერთი კერძო გიმნაზია და, თუმცა გიმნაზიაში პანსიონიც არის უღარიბეს თავად-აზნაურთა შვილებისათვის, მაინც ამ სკოლაში ყველა წოდების ბავშვები სწავლობენ. ამას გარდა ამ მოგებით ინახება ერთი სამეურნეო სკოლა, რომლებშიაც იღებენ აგრეთვე ბავშვებს წოდების განურჩევლად. ბანკის დაარსებიდან დღემდე გამგეობის თავმჯდომარედ ვიმყოფები. ეს თანამდებობა არჩევანით არის და არჩევანი ყოველს სამს წელიწადში ერთხელ სწარმოებს“.
ილია ჭავჭავაძის სიტყვა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მნიშვნელობასა და ფუნქციებზე თბილისის თავადაზნაურობის კრებაზე გამოსვლისას. ფრაგმენტი: "ბანკი... იმით, რომ ფულს ასესხებს, კაცის ამშენებელიც არის და დამღუპავიცა. ვინც ბეჯითია და მხნე, ვისაც გონება აქვს, გულმოდგინე შრომის სურვილი და მხოლოდ ფული აკლია, რომ თავისი საქმე წარიმართოს, ღვთის წყალობა თქვენ გაქვთ, რომ იმისათვის ბანკის ყოვლად მხსნელი სახსარი იყოს. მაგისთანა კაცს არა სასტიკი კანონი, ბანკის სიმკვიდრის ქვა-კუთხედად დადებული, ვერ დააბრკოლებს, ვერ დააფრთხობს... კაცი ბეჯითი, მხნე, შრომისმოყვარე რამოდენსაც თავის თავს შეჰმატებს ჩვენის ბანკის შემწეობით, იმოდენას შეჰმატებს ჩვენს ქვეყანასაცა...“
გაზეთი „დროება“, 1875 წლის 5 თებერვალი.
ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თანამშრომლებთან ერთად. თბილისი, 1903 წელი.
1902-1903 წლებში შედგენილ ავტობიოგრაფიაში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მოგებით ინახებოდა ერთი კერძო გიმნაზია და ერთი სამეურნეო სკოლა, რომლებშიც ბავშვებს წოდების განურჩევლად იღებდნენ.
ბანკის დაარსების დღიდან 1906 წლამდე, სახელმწიფო საბჭოში არჩევამდე, მის გამგეობას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.
1906 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოში ქართველ თავად-აზნაურთა წარმომადგენლად აირჩიეს და მას ბანკში თანამდებობის დატოვება მოუხდა.
სახელმწიფო საბჭოში ილიას არჩევასთან დაკავშირებით თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თანამშრომლების მიერ გამართული სადილის მონაწილეები რესტორან „ედემის ბაღში“.
სხედან მარცხნიდან: კონსტანტინე მაყაშვილი, გაბრიელ საყვარელიძე, ლევან ჩერქეზიშვილი, ნ. მესხიშვილი, ნიკო ცხვედაძე. მ. ბაგრატიონ-გრუზინსკი, მიხაილოვი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი. მიხეილ ვეზირიშვილი კ. ნასიძე, საათნაზოვი, რ. ღვამიჩავა.
პირველ რიგში დგანან: ანტონ ფურცელაძე, გ. ჯავახიშვილი, ორბელიანი, კოტე აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დისშვილი), უცნობი პიროვნება, ალექსანდრე ქართველიშვილი, გ. დუბინი, ალექსანდრე გიჟიმყრელი, ივანე რატიშვილი, ზ. მაღალაშვილი, ნ. ჯორჯაძე, ნ. ერისთავი, ციციშვილი, ლ. მესხიშვილი, ე. ანტონოვსკაია, ნ. გულაძე, ლ. კობახიძე.
მეორე რიგში დგანან: კ. ქართველიშვილი, ალ. საგინაშვილი, ი. კორინთელი, რ. ციციშვილი, აბაშიძე, ყაზახიშვილი, გ. ჯაჯანაშვილი, ბ. მჭედლიშვილი, მიროტაძე, მ. არჯევანიძე, სიმონ კლდიაშვილი.
წინა პლანზე: გ. კლიმიაშვილი და გ. გარაყანიძე.
უკანა პლანზე (მოაჯირზე დაყრდნობილი): „ედემის ბაღის“ მეპატრონე კონსტანტინე (კოწია) მაჭავარიანი.
თბილისი, 1906 წელი.
ილია ჭავჭავაძის ღვაწლი დიდია ქართული პერიოდული პრესის განვითარებაში. მისი რედაქტორობით გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომერი 1877 წლის 3 მარტს დაიბეჭდა.
გაზეთი კარგად ართმევდა თავს ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას. მასში დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას.
გამორჩეულია „ივერიას“ როლი ქართული მწერლობის განვითარების საქმეშიც. გამოცემასთან თანამშრომლობდნენ: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი და სხვები.
1885 წელს, ცენზურის მიერ „დროების“ დახურვის შემდეგ, „ივერია“ ყოველდღიურ გამოცემად გადაკეთდა. ცენზურასთან პრობლემები „ივერიასაც“ არ აკლდა, თუმცა მაინც ხერხდებოდა ქართული ეროვნული საკითხების გამოტანა პრესის ფურცლებზე. იმპერიის ცენზურა ქართულ გაზეთებში, ძირითადად, ბლოკავდა ერისა და ეროვნების შესახებ სტატიებს; საქართველოს ეკლესიებში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენის თემას; რევოლუციური მოძრაობის შესახებ ინფორმაციებს და სხვ.
ფოტოზე: ცენზურის გადაწყვეტილებით, „ივერიას“ აეკრძალა „ბაზალეთის ტბის“ გამოქვეყნება. 1883 წლის ივლისი. აღსანიშნავია, რომ ილიამ იმავე წლის დეკემბერში კიდევ ერთხელ სცადა მკითხველამდე მიეტანა „ბაზალეთის ტბა“, თუმცა ცენზურამ „ივერიის“ დეკემბრის ნომრიდანაც ამოიღო ლექსი. საბოლოოდ, “ბაზალეთის ტბა“ 1890 წელს ჟურნალ „ჯეჯილში“ გამოქვეყნდა.
ილია ჭავჭავაძის თაოსნობით 1879 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნა.
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის პირველი ყრილობა 1879 წლის 15 მაისს გაიმართა. ამ სხდომაზე აირჩიეს თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე), ხაზინდარი და სეკრეტარი (მდივანი).
„დაწესებას“ ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი და გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ერისთავი.
დაარსებისთანავე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიური მოღვაწეობა დაიწყო.
საზოგადოების უმთავრესი მიზანი ქართველი ხალხის ქართულ ცნობიერებაში დაბრუნება იყო. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრიობის ნიშნები თანდათან იკარგებოდა, გადარჩენის ერთადერთი გზა - განათლების გავრცელება რჩებოდა.
საარქივო მასალის მიხედვით ნათელი ხდება, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა აფხაზეთიდან საინგილოს ჩათვლით მიმდინარეობდა.
ილია ჭავჭავაძეს გამორჩეული ურთიერთობები ჰქონდა უცხოელ მწერლებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარჯორი უორდროპთან და არტურ ლაისტთან მისი მეგობრობა.
ცნობილია ქართველი მწერლის მეგობრული ურთიერთობა გერმანელ მწერალ არტურ ლაისტთან. 1884 წელს არტურ ლაისტი საქართველოს ეწვია. მას ილია ჭავჭავაძემ საგურამოში უმასპინძლა. გაზეთ „დროებაში“ გერმანელი სტუმრის შესახებ ილიას წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა: “დღეს ჩვენ შორის ბრძანდება უცხო კაცი და სტუმარი, უცხო და სტუმარი მარტო იმითი, რომ სხვიდამ მოსულია, ხოლო სულითა და გულით ჩვენი მახლობელია... არტურ ლაისტი ის კაცია, რომელმაც ჩვენდა სასახელოდ კისრად იდო შუაკაცობა გაგვიწიოს ჩვენსა და ევროპას შორის, რომელმაც იტვირთა ჩვენ გულში ამონაწები სიტყვა, ჩვენი ჭკუისა და გონების საუნჯე, ჩვენი სულიერი ძალ-ღონე აცნობოს იმ ხალხთ, რომელნიც ქვეყნის წარმატების გზაზედ მეთაურნი და მესვეურნი არიან“.
„...თუ აქამომდე შორიდან ვუყურებდით ბ–ნ ლაისტს, დღეს აქ მობრძანებულა, რომ ახლო გაგვიცნოს. იმედია, რომ ახლოს გაცნობილი ქართველი უფრო მეტად შეაყვარებს თავის თავსა. იმედია, რომ ამ სიყვარულით ჩაგონებული პირუთვნელი სიტყვა ბ–ნ ლაისტისა მოჰფენს მთელს განათლებულ ქვეყანას იმ ამბავს, რომ შორს სადღაც არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვიან, და იმ პატარა სამოთხეში, ჰსცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა, სიკეთისა და ბედნიერებისათვის. ღმერთმა აცოცხლოს ბ–ნი ლაისტი!”
ფოტოზე: ილია ჭავჭავაძე, არტურ ლაისტისთვის ნაჩუქარი ფოტო. 1900 წლის 3 მარტი.
1899 წლის 15 სექტემბრის გერმანულ ლიტერატურულ ჟურნალში „Das LItterarische Echo“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „პოეტის“ არტურ ლაისტისეული თარგმანი და ლექსის განხილვა. ამავე გაზეთში არტურ ლაისტმა ვრცელი წერილი მიუძღვნა ქართულ პერიოდულ გამოცემებს და მათ შორის ილიას ღვაწლს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში
ილია ჭავჭავაძისთვის ილიაობა გამორჩეული დღესასწაული იყო. 21 ივლისს (ახალი სტილით 2 აგვისტოს) საგურამოში მწერალი და საზოგადო მოღვაწე თითქმის ყოველ წელს აღნიშნავდა. ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა წელს დღესასწაულზე გადაღებული არაერთი ფოტო.
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი საგურამოში. ილიაობა, 1896 წლის 20 ივლისი (2 აგვისტო).
ილიაობა საგურამოში. შუაში დგას ილია ჭავჭავაძე (თეთრი პერანგით), მის უკან დგას მღვდელი გიორგი ასათიანი, მარცხნივ კი - ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ყიფშიძე. 1890 წლის 20 ივლისი.
ილიაობა საგურამოში. მარჯორი უორდროპი სტუმრად ილია ჭავჭავაძესთან. კიბეზე ცენტრში დგას ილია, მის მარცხნივ - მარჯორი უორდროპი, გვერდით ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე. 1896 წლის 20 ივლისი.
პორტრეტი ილია ჭავჭავაძის მიძღვნითი წარწერით ეკატერინე სარაჯიშვილისადმი (დავით სარაჯიშვილის მეუღლე):
„ამ ლექსს გიძღვნი მე სახსოვრად
და გაგიხვევ შიგ ჩემს გულსა
სადაც ვინახავ, ვით მარგალიტს,
მე შენს დაძმურს სიყვარულსა“.
ალექსანდრე როინაშვილის ფოტო. ფოტოასლი.
1880-იანი წლები
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები არაერთ ფილმს, სპექტაკლსა თუ სიმღერას დაედო საფუძვლად.
„ოთარაანთ ქვრივი“, 1958 წელი. გადასაღები მოედანი. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.
ლუარსაბი (ვასო გოძიაშვილი) და დარეჯანი (ცეცილია წუწუნავა)
ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლიდან „ჩატეხილი ხიდი“, 1935 წელი
კაცია ადამიანი?! - ილია ჭავჭავაძე. კითხულობენ: გიორგი გეგეჭკორი და ელენე ყიფშიძე, 1968 წელი
მხატვრული ფილმი „კაცია - ადამიანი?!“, 1979 წელი. ნოდარ მარგველაშვილი (ლუარსაბი) და ლეილა შოთაძე (დარეჯანი) გადასაღებ მოედანზე
„გლახის ნაამბობი“, 1961 წელი. გადასაღები მოედანი. რეჟისორი ლეო ესაკია.
1907 წლის 30 აგვისტოს (ძველი სტილით) ილია ჭავჭავაძე, რომელიც მეუღლესთან ერთად საგურამოში ეტლით მიემგზავრებოდა, სოფელ წიწამურთან მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი თოფის კონდახით სცემეს.
დადგინდა, რომ მკვლელობაში მონაწილეობდნენ „წითელი რაზმის“ წევრები - გიორგი ხიზანიშვილი , პავლე ფშავლიშვილი (აფციაური), გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი, ილია იმერლიშვილი, ალექსანდრე ოზიევი. მათი თანამონაწილეები იყვნენ: მეეტლე თედო ლაბაური და ილიას მოურავი დიმიტრი ჯაში.
ილია ჭავჭავაძე ილია იმერლიშვილის ნასროლი ტყვიით გულში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
გიგლა ბერბიჭაშვილი საბჭოთა პერიოდში, 1941 წელს გაასამართლეს, მკვლელობის სხვა მონაწილეები კი 1909 წელს დასაჯეს.
ილია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის შესახებ.
1987 წლის 25 ივნისი.
გამოყენებული ლიტერატურა:
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე. რედაქტორები: მაია ნინიძე, ივანე ამირხანაშვილი. თბილისი, 2017.
ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისათვის. რედაქტორი მაია ნინიძე. თბილისი, 2016.
ჟურნალი Das LItterarische Echo, 15 სექტემბერი, 1899 წელი
გვერდის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, მაია ქირია, ანა ხორავა, მარიამ ჯანიკაშვილი, გიორგი კაკაბაძე, ქეთევან ასათიანი, ქეთევან სადაგიშვილი, სოფიო ფაციაშვილი, ქეთევან კობიაშვილი, ეკატერინე სანიკიძე, თამარ ბჟალავა, ლანა გამისონია.