ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან „კონსტანტინე გამსახურდია“
რეჟისორი შალვა ჩაგუნავა. 1973 წელი
კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს (სხვა ვერსიით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში აზნაურ სიმონ კაციას ძე გამსახურდიასა და ელისაბედ (ნატალია) სიკოს ასული თოფურიძის ოჯახში დაიბადა.
კონსტანტინე გამსახურდიას ნათლობა რეგისტრირებულია სოფელ აბაშის 1891 მეტრიკულ წიგნში. ამ ჩანაწერის თანახმად კონსტანტინეს ნათლია თავადი დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი ყოფილა.
„დავბადებულვარ მაისის მშვენიერ დღეს, გათენებისას, ძველი აზნაურის ოჯახში. როგორც ამას წინად დადგინდა, დავბადებულვარ 1893 წელს და არა 1891 წელს“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია ავტობიოგრაფიულ რომანში „ლანდებთან ლაციცი“.
სოფელ აბაშის წმინდა გიორგის ეკლესიის 1891 წლის მეტრიკული წიგნი
ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან „კონსტანტინე გამსახურდია“
რეჟისორი შალვა ჩაგუნავა. 1973 წელი
„მამისეული სახლი ჩემთვის იყო უზარმაზარი სასახლე. ჩემი საწოლი ოთახიდან მოსჩანდა ოქროს კალთიანი ზეცის თვალსაწიერი, რომელიც შეღამებისას აყვავდებოდა ხოლმე ნარინჯისფერი ღრუბლებით და ფეერიული ფერების ლიცლიცი სიხარულით ავსებდა ჩემს ბავშვურ სულს“.
კონსტანტინე გამსახურდია, „ლანდებთან ლაციცი“.
კონსტანტინემ დაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო, სადაც დიაკვანი ევგენი ქოიავა ასწავლიდა. „დიაკონს მე ძლიერ ვუყვარდი, ყოველ წირვაზე თან მივყავდი ეკლესიაში, ბრწყინვალე ოლარს დამკიდებდა მხრებზე, საცეცხლურს ხელში მომცემდა. ეს იყო ჩემთვის უდიდესი სიხარული: კლიროსზე ვგალობდი, საცეცხლურს ვაქანავებდი და დავითნს ვკითხულობდი მთავარ დიაკონის ამბიონზე“.
სამრევლო სკოლის შემდეგ მან სწავლა განაგრძო ჯერ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში, შემდეგ კი - ქუთაისის სათავადაზნაური გიმნაზიაში. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, გერასიმე ცაგარეიშვილი, სამსონ ყიფიანი, იასონ ნიკოლაიშვილი.
ფოტოზე: სენაკის სააზნაურო სკოლა
გიმნაზიაში სწავლისას კონსტანტინე გამსახურდიამ თავის მეგობრებთან ერთად ქუთაისში დააარსა პოლიტიკური საიდუმლო ორგანიზაცია „ცხრა მუხა“. როგორც მწერალი მოგონებებში წერს, თბილისშიც ჰყავდათ ორი თანამზრახველი: ქრისტეფორე რაჭველიშვილი და ვინმე კარბელაშვილი. „მოახლოვდა რომანოვების ბატონობის 300 წლის იუბილე, რომელიც დიდის პომპით გადაიხადა ჩვენმა უტვინო თავად-აზნაურობამ... საფიჩხიის ეკლესიაში შევფიცეთ ღმერთს: უკანასკნელს ამოსუნთქვამდის გვებრძოლა საქართველოს გასათავისუფლებლად. იმ დღესვე დავთქვით მეორე დღის ნაშუაღამევზე შეგვემტვრია ჩვენი გიმნაზიის სააქტო დარბაზის კარები და იქ გამოფენილი მეფეებისა და გენერლების სურათები დაგვეფხრიწა. ეს აგრეც მოხდა. მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმული სურათები ძირს ჩამოვყარეთ, დავფხრიწეთ და ფეხებით გავთელეთ...“
„ცხრა მუხა“ ბეჭდავდა ავრცელებდა პროკლამაციებს, რომელშიც გმობდა რომანოვების რეჟიმს. ამის გამო გამსახურდია ჟანდარმებმა დააპატიმრეს. იოსებ ოცხელისა და თავადაზნაურობის მარშლის მცდელობამ შედეგი გამოიღო და კონსტანტინე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
კონსტანტინე გამსახურდიას პირველი ნაწარმოებები 1909-1910 წლებში დაიბეჭდა გაზეთებში: „ფონი“ და „სახალხო გაზეთი“. 1910-იან წლებში, ლექსებთან ერთად, წერდა და აქვეყნებდა მოთხრობებსა და ნოველებს.
იროდიონ ევდოშვილის ლიტერატურული საღამოს მონაწილეები
ქუთაისი, 1914 წელი
მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი, ბარნაბა გელაზანია, ილია ბახტაძე, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჯაჯუ ჯორჯიკია, დათიკო მებუკე (ცვარნამი), ლელიკო ჯაფარიძე.
სხედან: ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე.
კონსტანტინე გამსახურდიას წერილი სამსონ ფირცხალავას
კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთან, ჟურნალისტ სამსონ ფირცხალავასთან თანამშრომლობდა და მეგობრობდა. ის 1916 წლიდან წერილებს აქვეყნებდა გაზეთ „სახალხო საქმეში“, რომელიც სოციალ-ფედერალისტური პარტიის ორგანო იყო. სამსონ ფირცხალასადმი გაგზავნილ წერილებში კარგად იკითხება მათი მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა.
„მე გულწრფელად მჯერა, რომ ქართველებისათვის „ამოდის ნათდება“ ეპოქა იწყება. ისიც მჯერა, რომ ჩვენ დიდი ეროვნული ექზალტაციისა და გონების გაბრწყინვების მოწმე გავხდებით ამ მოკლე ხანში და ყველაზე მეტად ასეთ დროს დასჭირდება ჩვენ მოდუნებულ მაჯისცემას ინტენსიური კულტურული მუშაობა“, - წერდა კონსტანტინე სამსონს და ამცნობდა, რომ „რომელიმე დიდ საუნივერსიტეტო ქალაქში“ წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.
[1917-1918]
ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან „კონსტანტინე გამსახურდია“
რეჟისორი შალვა ჩაგუნავა. 1973 წელი
გიმნაზიის დასრულების შემდეგ კონსტანტინე პეტერბურგის უნივერსიტეტში სასწავლად გაემგზავრა, თუმცა რუსეთი მალევე დატოვა და გერმანიაში, კენინსბერგში, გაემგზავრა. სწავლობდა ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში.
გერმანიაში მისი ყოფნა პირველი მსოფლიო ომის დაწყებას დაემთხვა. კონსტანტინე, როგორც რუსეთის იმპერიის მოქალაქე, დააპატიმრეს. ციხიდან თომას მანის ნაცნობობამ დაიხსნა. გერმანელმა მწერალმა მას ბავარიის მეფესთან გაუწია შუამდგომლობა.
ქართველმა მწერალმა 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
კონსტანტინე გამსახურდია ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობის მოხელე იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვნის ევროპაში ქართველი სამხედრო ტყვეების მოძიებასა და სამშობლოში დაბრუნებაში.
1919 წლის 23 აგვისტოს იგი სტამბულში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგოლ რცხილაძეს ქართველი ტყვეების საქართველოში გამომგზავრების დეტალებზე წერს: „გემს „ქრისტიან ნებეს“ ნება აქვს, წაიყვანოს 2000 ქართველი სამხედრო ტყვე და წაიღოს 500 ტონა საქონელი“.
ცნობილია, რომ ამავე გამსახურდიამ გემით საქართველოში ჩამოიტანა „უმავთულო ტელეგრაფი“ და მედიკამენტები.
ყოფილი სამხედრო ტყვეების დაბრუნების თემას შეეხება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული კიდევ ერთი დოკუმენტი: სამხედრო მინისტრის მოადგილის, გენერალ იოსებ გედევანიშვილის წერილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისადმი. მასში აღნიშნულია, რომ კ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით 1919 წელს საქართველოში დაბრუნდა ქართველ ტყვეთა ჯგუფი. მათ ჰამბურგში საქართველოს წარმომადგენლისთვის ჩაუბარებიათ მათი კუთვნილი გერმანული მარკები. გენერალი მთავრობას სთხოვს, ამ თანხის სანაცვლოდ დაბრუნებულ ტყვეებს ქართული ბონები გადასცენ.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წლის 25 მაისის გაზეთ „სოციალ ფედერალისტში“ გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”:
„ხვალ, 26 მაისს, ქართველობამ ერთი დიდი ჭეშმარიტება უნდა დაიმახსოვროს:
ის არის ღირსი ცხოვრების და თავისუფლების.
ყოველდ-დღე ბრძოლით ვინც შეძლებს მის მოპოვებას.
ეგვიპტელი მოგვები მღვდელმსახურების დაწყებისას ხალხს ეტყოდნენ: „განვიწმინდოთ გულნი ღვთებისათვის“.
საქართველოს ახალი ისტორიის ამ უდიდეს დღეს ქართველ ხალხს უნდა შევაძახოთ: „განვიწმინდოთ გულნი თავისუფლებისათვის“.
კონსტანტინე გამსახურდიამ 1918 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი “პრომეთე”, 1920-იან წლებში კი რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემებს: “საქართველოს სამრეკლო”, “ილიონი”, „ლომისი“ და „ქართული სიტყვა“.
1921 წელს მისი მონაწილეობით დაფუძნდა მწერალთა აკადემიური კავშირი.
მწერალი ემიგრაციიდან სამშობლოში საბოლოოდ 1923 წელს დაბრუნდა. 1924 წელს ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობისათვის დააპატიმეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
კიდევ ერთხელ, ამჯერად რამდენიმე თვით, საბჭოთა რეჟიმის კრიტიკისათვის 1926 წელს ჩასვეს ციხეში.
ფოტოზე: 1924 წელს აჯანყების ჩახშობის გამო შავ ჩოხებში გამოწყობილი ვახტანგ კოტეტიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი (ჩოჩია).
ჟურნალი „ლომისი“, 1922 წელი, №1
1920-30-იან წლებში დაიბეჭდა კონსტანტინე გამსახურდიას ნოველები, ნარკვევები და რომანები: „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ მე“, „დიონისოს ღიმილი“, „მარცხენა თვალით“, „ტაბუ“, „ხოგაის მინდია“, „ახალი ევროპა“, „უკრაინის თემიდი“, „მთვარის მოტაცება“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „გოეტეს ცხოვრების რომანი“.
1940-50-იან წლებში გამოიცა ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“, ნარკვევები „მოგზაურობა იტალიაში“, „მოგზაურობა სომხეთში“, „სამგორი“, ნოველა „გამოუყენებელი ბინოკლი“ და რომანი „ვაზის ყვავილობა“.
ნაყოფიერი იყო კონსტანტინე გამსახურდიას, როგორც მთარგმნელის, მოღვაწეობაც: „ახალგაზრდა ვერტერი“, „გოეტე“, „დანჯე ჯოჯოხეთში“, „სალხინებელი“ (კონსტანტინე ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, უიტ უიტმანის, ჰაინეს, სტეფანე გეორგეს და მარია რილკეს ლექსები და სხვა.
მისი ნაწარმოებების მიხედვით 1970 წელს რეჟისორებმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა და დევი აბაშიძემ გადაიღეს „დიდოსტატის მარჯვენა“, ხოლო 1973 წელს რეჟისორმა თამაზ მელიავამ „მთვარის მოტაცება“. ორივე შემთხვევაში მწერალი ფილმის სცენარის თანაავტორი იყო.
კონსტანტინე გამსახურდიას წერილი სიმონ ჯანაშიას
„ტფილისი, 1929. 12, VIII
ძვირფასო სვიმონ,
შენი ბარათი მივიღე. ერთ ღრუბლიან საღამოს ვზივარ დარდიანი და გესაუბრები. ძლიერ მიხარია რომ ჩვენი ენათმეცნიერებისათვის სრულიად უცნობ სამყაროს ეცნობი. გისურვებ სიმხნევეს, სიმხნევეს და კიდევ სიმხნევეს. ეს არის ყოველივე სიკეთის სათავე. აქაურობა მოგენატრა? მე იშვიათად გამოვდივარ. არც ვმუშაობ, დავდივარ ჩვენს ბაღში გაბრუებული. მე მიყვარს ტფილისის სიცხისგან მოგვრილი გარინდება. რაღაც უხილავი პროცესები ხდება ალბად სადღაც უაღრესს ენტელესიაში. ამ დღეებში ქვიშხეთისკენ მივდივარ, რამოდენიმე დღით.
თვეზე მეტია უგულოდ ვმუშაობ, ე.ი. ფულისათვის. ამ მხრით ცოტა გამოვასწორე საქმე, მაგრამ ეს არ მახარებს. წიგნის გამოცემას ძლიერ ცუდი პირი უჩანს...
სექტემბრიდან საქართველოს ისტორიის დეტალურ შესწავლას შევუდგები, თუ სათანადო პირობები მექნა.
ამას წინათ თინას შევხვდი. შენზე ვისაუბრეთ. შენ და ქრისტო [სავარაუდოდ, ქრისტეფორე რაჭველიშვილი] როცა ქალაქში აღარა ხართ, ტფილისი ჩემთვის ცარიელია. მე ვწუხვარ რომ ქრისტოს შენ კიდევ არ იცნობ კარგად. მართლაც „ღვთის შვილია“ იგი. 14 წელია ასე შეყვარებული ვარ ამ კაცზე. თვით მზაკვარის თვალიც ვერ აღმოაჩენს მასში რაიმე ნაკლს...
იყავი კარგად, მალე მოათავე სამუშაო და ჩამოდი.
მომწერე წერილი,
შენი ერთგული კონსტანტინე გ.
P.S. თათუშელამ მოგიკითხა.
გზა და გზა თუ არ დაგეზარა გამოკითხე ხალხს შამილის შესახე, როგორია მისი ხსოვნა ხალხში. ფული რომ მქონდეს ამ მიზნით სიამოვნებით შემოვივლიდი იქაურობას“.
„დიდოსტატის მარჯვენა“, 1970 წელი. რეჟისორები: ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან „კონსტანტინე გამსახურდია“
რეჟისორი შალვა ჩაგუნავა. 1973 წელი
აფიშა მხატვრული ფილმისთვის „მთვარის მოტაცება“.
მხატვარი: დიმიტრი ერისთავი.
1973 წელი
ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან „კონსტანტინე გამსახურდია“
რეჟისორი შალვა ჩაგუნავა. 1973 წელი
გვერდზე გამოყენებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
გვერდის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, ხატია ქინქლაძე, გიორგი კაკაბაძე, მარინა სხირტლაძე, თამარ ბჟალავა, ლანა გამისონია, თათია გაბიძაშვილი.