მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“, გადასაღები მოედანი. 1948 წელი
ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი მედეა ჯაფარიძე 1922 წლის (სხვა ვერსიით 1923 წლის) 20 თებერვალს თბილისში დაიბადა.
მისი მამა - ვალერიან მაჭავარიანი - სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკების ფრთის წარმომადგენელი იყო და გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. მედეას დედის გვარი, სავარაუდოდ, პოლიტიკური დევნის თავიდან ასარიდებლად მისცეს.
„მე, მედეია ვალერიანის ასული ჯაფარიძე, დავიბადე 1922 წელს ქ. თბილისში. მშობლები ოქტომბრის რევოლუციამდე ეწეოდნენ სოფლის მეურნეობას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დედა - პერსონალური პენსიონერი...
1937 წლიდან ვმუშაობ საქ. კინოსტუდიაში შეთავსებით. 1941 წლიდან ვმუშაობ, ძირითადად, მარჯანიშვილის სახ. თეატრში“, - წერდა მედეა ჯაფარიძე თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში მისი პირადი საქმისთვის 1953 წელს შეავსო.
პირველი როლი კინოში
მედეა ჯაფარიძემ საშუალო სკოლა 1938 წელს დაამთავრა. 1937 წლიდან, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, „სახკინმრეწვთან“ (შემდგომში კინოსტუდია „ქართული ფილმი“) თანამშრომლობდა.
15 წლის მედეას პირველი ეპიზოდური როლი 1937 წელს რეჟისორმა დავით რონდელმა მისცა თავის ფილმში „დაკარგულ სამოთხე“. მედეა პეპელას (დუდუხანა წეროძე) მეგობრის როლს ასრულებს.
1940 წელს ახალგაზრდა მსახიობი ორ ფილმში გადაიღეს. დავით რონდელის „კოლხეთის ჩირაღდნებში“ მან ძაბულის როლი შეასრულა, ხოლო ლეო ესაკიამ ფილმში „ქალიშვილი გაღმიდან“ ნაზიმეს როლი მისცა.
მედეა ჯაფარიძე ძაბულის როლში. მხატვრული ფილმი „კოლხეთის ჩირაღდნები“. რეჟისორი დავით რონდელი
მედეა ჯაფარიძე ნაზიმეს როლში. მხატვრული ფილმი „ქალიშვილი გაღმიდან“, რეჟისორი ლეო ესაკია. 1940 წელი
„როცა მის სილამაზეზე ლაპარაკობენ, არ სიამოვნებს. ურჩევნია მის შემოქმედებაზე ილაპარაკონ. ავიწყდება, რომ ასეთი იშვიათი სილამაზე ბუნების შემოქმედებაა. ისიც ავიწყდება, რომ მისი გარეგნობა არაა მხოლოდ სახის ნაკვთების ფაქიზი ნახატი. ეს ნახატი მისი მფლობელის შინაგან თვისებებს გამოხატავს, იმას, რაც სისხლხორცეულადაა დაკავშირებული მსახიობის შემოქმედების თავისებურებებთან“, - წერდა თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე მსახიობისადმი მიძღვნილ სტატიაში, რომელიც 1982 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა.
აქვე ვკითხულობთ: „საკუთარი ადგილის მოპოვება მსახიობთა თანავარსკვლავედში, რომელშიც აღმოჩნდა მედეა ჯაფარიძე თეატრში მისვლისთანავე, ძალიან ძნელია, მაგრამ მან ეს მოახერხა. კარგად თქვა თავის დროზე ამის შესახებ აკაკი კვანტალიანმა: „არავის ადგილი არ დაუკავებია მას ჩვენს თეატრში - მან დაიკავა თავისი საკუთარი, მედეა ჯაფარიძის ადგილი“.
„ორმოციანი წლების ქართული თეატრის ცხოვრებაში მედეა ჯაფარიძე არ შემოსულა ახალბედას გაუბედავი ნაბიჯებით. ნაბიჯი მისი იყო მტკიცე, სწრაფი. დამკვიდრდა მყისვე, უბრალოდ, უხმაუროდ...“.
მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მედეა ჯაფარიძემ არაერთი გამორჩეული როლი განასახიერა. მათ შორისაა: ნინა - ლერმონტოვის „მასკარადი“ (1946); გულსუნდა - ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (1946); ბეატრიჩე, ჯულიეტა და ანა ბოლეინი შექსპირის პიესებში: „ჭირვეული ცოლის მორჯულება“ (1944) „რომეო და ჯულიეტა“ (1949), და „რიჩარდ III“ (1957); პარასკა - გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე“ (1953); ჭრიჭინა - მ. ბარათაშვილის „ჭრიჭინა“ (1950); ელიზა ლუდილიტი და კლეოპატრა ბერნარდ შოუს პიესებში „პიგმალიონი” (1955) და „კეისარი და კლეოპატრა“ (1960); იოკასტა - სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე" (1978); დედა - ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი"(1978) და სხვ.
გულსუნდა - სპექტაკლი „მოკვეთილი“ და ჯულიეტა - სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“
კლეოპატრა - მედეა ჯაფარიძე, იულიუს კეისარი - ვასო გოძიაშვილი. სპექტაკლი „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“
კლეოპატრა - მედეა ჯაფარიძე, იულიუს კეისარი - ვასო გოძიაშვილი. სპექტაკლი „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“. 1960 წელი
ვერიკო ანჯაფარიძის წერილი მედეა ჯაფარიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ავტოგრაფი. 1967 წელი
თეატრში ნაყოფიერი მუშაობის პარალელურად მედეა ჯაფარიძე არაერთ მხატვრულ ფილმში გადაიღეს. კინოში მოღვაწეობისთვის მიღებული პირველი ჯილდო დავით რონდელისა და სიკო დოლიძის მიერ 1944 წელს გადაღებულ ფილმს უკავშირდება. ფილმში „ჯურღაის ფარი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემას შეეხება, მედეა ჯაფარიძემ დედოფლისა და ეთერის როლები შეასრულა. ამისთვის ის პრემიით დაჯილდოვდა.
მხატვრული ფილმები: „გიორგი სააკაძე“ და „ჯურღაის ფარი“
მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“, გადასაღები მოედანი
მედეა ჯაფარიძეს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის მიერ 1948 წელს გადაღებულმა ფილმმა „ქეთო და კოტე“, სადაც ის ქეთოს როლს ასრულებს. ფილმს საფუძვლად უდევს ავქსენტი ცაგარელის კომედია „ხანუმა“ და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“.
ვახტანგ ტაბლიაშვილი წერდა: „მედეამ მე უაღრესად გამიმართლა იმედი. რეჟისორი მსახიობს აძლევს როლის მარცვალს. რეჟისორს უყვარს ის მსახიობი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივა. სწორედ ასეთი მსახიობი იღებს რეჟისორისაგან მარცვალს და აი იმ მარცვლისგან ზრდის თავისებურ სახეს. ასე შექმნა მედეამ ქეთო – „ქეთო და კოტეში”. ამ სურათის შემდეგ ჩემი რწმენა უფრო გაიზარდა მედეასადმი და როდესაც ვიფიქრე „რომეო და ჯულიეტას” დადგმის შესახებ, აქაც არჩევანი არ ყოფილა. ჩემთვის ჭეშმარიტება იყო ის, რომ მედეას უნდა ეთამაშა ჯულიეტა და უნდა მოგახსენოთ, რომ აქაც იგივე განმეორდა: ჩემ მიერ მიცემული მარცვალი მედეამ დიდ, საინტერესო ნაყოფად გაზარდა. მე ძალიან მიხარია, რომ მედეას საინტერესო ბიოგრაფიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჯულიეტას, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევქმენით“.
მედეა ჯაფარიძის წერილი ვახტანგ ტაბლიაშვილს
მსახიობმა „ქეთო და კოტეს“ რეჟისორს წერილი ფილმის განხილვის შემდეგ გაუგზავნა.
„სურათი ძალიან მომეწონა, გილოცავთ და გკოცნით, წარმოიდგინეთ, ჩემი თავიც მომეწონა“
უთარიღო.
ნატო - მხატვრული ფილმი „ეთერის სიმღერა“
ელიკო - მედეა ჯაფარიძე, კინორეჟისორი - რამაზ ჩხიკვაძე, ბესარიონი - გოგი გეგეჭკორი. მხატვრული ფილმი „წარსული ზაფხული“
მედეა ჯაფარიძე და ლაშა თაბუკაშვილი. მხატვრული ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“
ეკა - მედეა ჯაფარიძე, ვახტანგი - ოთარ მეღვინეთუხუცესი. მხატვრული ფილმი „მზე შემოდგომისა“
1949 წელს მედეა ჯაფარიძე დრამატურგ და რეჟისორ რეზო თაბუკაშვილზე დაქორწინდა. 1950 წელს მათ ვაჟი - ლაშა თაბუკაშვილი - შეეძინათ.
1950 წელს მედეა ჯაფარიძეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1988 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
მედეა ჯაფარიძე 1994 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გვერდზე გამოყენებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
გვერდის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, გიორგი კაკაბაძე, მარინა სხირტლაძე, ქეთევან სადაგიშვილი, მარიამ გუნია, თამარ ბჟალავა.