უკან დაბრუნება

ნიკო ნიკოლაძე 1843 წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით) ქუთაისში იაკობ ნიკოლაძისა და ელისაბედ ლორთქიფანიძის ოჯახში დაიბადა.

 

იაკობ ნიკოლაძე ცნობილი მეწარმე და ვაჭარი იყო; მან ეს საქმე მამისგან, მამუკა (მათე) ნიკოლაძისაგან, გადაიბარა.  „ბაბუა-ჩემი აბაშიძეების ყმა ყოფილა, როგორც თითქმის ყველა ნიკოლაძე, ის ზემო იმერეთში ცხოვრობდა სოფელ სკანდეს, სადაც იმერეთის მეფეების საზაფხულო სადგომი იყო. ახალგაზრდობაში ის მებატონეს გაქცევია და ქართლს გადავარდნილა, ცხინვალის არე-მარეში... როცა ბაბუა-ჩემი იმერეთს დაბრუნდა, ქუთაისს, რიონს გაღმა, სამხრეთით, მარტო სამ ალაგას მოსახლეობის ნასახი ჩანდა...“, - წერს ნიკო ნიკოლაძე თავის მოგონებებში და საგანგებოდ აღნიშნავს: „ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომელსაც ვაჭრობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ვაჭრობას თაკილობდნენ და მას მარტო უცხოელები აწარმოებდნენ“. 

 

წყარო: ნიკო ნიკოლაძე, „მოგონებები“, თბილისი, 1984

ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიის მეტრიკული წიგნი, 1843 წელი

 

ჩანაწერი ნიკოლოზ ნიკოლაძის დაბადებისა და ნათლობის შესახებ: დაბადების თარიღი - 14 სექტემბერი, ნათლობის თარიღი - 29 სექტემბერი. „ქუთაისს მცხოვრებს და მოვაჭრეს იაკობ მამუკას ძეს ნიკოლაძეს და სჯულიერსა ცოლსა მისსა ელისაბედ ფირანას ასულს ორნივე მართლმადიდებლობის აღსარებისანი“. 

 

ჩანაწერის მიხედვით, ნიკოლოზი მოუნათლავს ქუთაისში მცხოვრებ კაპიტან ზაქარია იოსების ძე გაბაევს (გაბაშვილს). 

 

ნათლობის საიდუმლო აღუსრულებია დეკანოზ იესე გიორგაძეს.

გიმნაზისტი ნიკო ნიკოლაძე, 1960 წელი

ნიკომ განათლება ჯერ ოჯახში, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო:

„დედაჩემი მშვენიერი მწიგნობარი იყო, მთელი „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდა. ბევრ სხვა ნაბეჭდ და ხელნაწერ ქართულ წიგნებს მუდამ დღე ნასადილევს უკითხავდა მამაჩემს. ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარდა მისი ყურიგდება. მე ისეთი ახალგაზრდა მიმაბარეს სასწავლებელში, რომ დედიჩემის ნამზით ყაზახს, მაქსიმე ვაშაკიძეს, მეტი საქმე არაფერი ჰქონია, გარდა იმისა, რომ დილას მხარზე შევესვი და სკოლაში წავეყვანე და შუადღის ხანს იმავე წესით შინ მოვეყვანე. სასწავლებელი სულ ახლო იყო ჩვენთან... მოსამზადებელ კლასში, ჩემს განყოფილებაში, ასამდე შეგირდი ვიყავით, უმეტესი ნაწილი მოწიფული ვაჟკაცი, ჩვენ გვერდით მეორე მოსამზადებელი კლასიც მოწაფეთა ამავე რიცხვით. ამ ორას ყმაწვილიდან მარტო შვიდმა გავათავეთ გიმნაზია... სწავლა მარტო იმაში მდგომარეობდა, რომ ზეპირად უნდა გვესწავლა რუსულ სახელმძღვანელოებში მასწავლებლებისაგან დანიშნული ადგილები, რომლის აზრი თითქმის არავის ჩვენგანს არ ესმოდა“, - იგონებდა ნიკო ნიკოლაძე.

წყარო: ნიკო ნიკოლაძე, „მოგონებები“, თბილისი, 1984

ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესია

გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ნიკო ნიკოლაძე სტიქაროსნად მსახურობდა. ქუთაისის მიტროპოლიტი ექვთიმე (წულუკიძე) ნიკო ნიკოლაძის დედის ნათესავი ყოფილა. „მისი წირვის დროს მე ხშირად სტიხარს მაცმევდნენ და არქიელის კვერთხს მაძლევდნენ, მის წინ სატარებლად. უნდა მოგახსენოთ, რომ დავით მიტროპოლიტის დროსაც მე ზეპირად ვიცოდი არა თუ ყველა ლოცვა, მთელი წირვაც“.

წყარო: ნიკო ნიკოლაძე, „მოგონებები“, თბილისი, 1984

ნიკო ნიკოლაძე დიდი მოწიწებით იხსენებს მიტროპოლიტ დავითს და მღვდელ იესე გიორგაძეს. 1853 წელს, როდესაც ქუთაისი რუსეთ-თურქეთის ომის გამო თითქმის სრულად დაცლილი იყო „საწყალ იესე გიორგაძეს დიაკვნებიც გაქცეოდა. წირვა-ლოცვას ის მარტოდ სწირავდა. ჩემ სიცოცხლეში არ მინახავს ისეთი მშვენიერებით, მოწიწებით და სარწმუნოებით მწირველი, როგორც ეს ას-წლოვანი, ერთიანად მილეული მოხუცი. ხშირად გამიგონია, რომ მარტო მას და მისივე ხნის კაცს, იმერეთის მიტროპოლიტს დავითს შეუნახავთ ძველებური ქართული წირვა-ლოცვის კილო და ჩვეულებანი“.

ნიკო ნიკოლაძის პირველი პუბლიკაცია ჟურნალ „ცისკარში“, 1860 წელი, N9

ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას ნიკო ნიკოლაძემ ჟურნალ „ცისკართან“ დაიწყო თანამშრომლობა ფსევდონიმით „ქუთაისის მეჭორე“. 1860 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პუბლიკაცია „ხაბარდა და ლოტტო ქუთაისში“. 

 

„გთხოვთ, მიცნობდეთ. მე გახლავარ ერთი მებუკეთაგანი „ქუთაისის მეჭორე“. ამდენ ხანს მეძინა, მაგრამ თავადის ა. გ. ჯამბაკურიან ორბელიანოვის ხმამ გამაღვიძა... ახალ ნამძნარევზე ბულვარზე გავედი... თქვენ იცით, რომ ნამძინარევი კაცის ფიქრი ცოტათი დაბნეულია. როდესაც ვფიქრობდი, მგონია სიზმარს ვიხსენებდი, ამ დროს კაცი დამეტაკა, მე მოვბრუნდი და მეორე გზით დავიწყე სიარული. რამდენი ქალიც შემომეყარა, ყველას რაღაც რგოლებიანი კაბები ეცვათ. მე ანწლის რგოლები მეგონა. სახლში რომ მივედი, ვიკითხე და მითხრეს, ხაბარდა არისო. 

ამ დროს ჩვენი საყვარელის მოლაყბის წიგნი მოგვივიდა ხაბარდის შესახებ. მეც დავჯექი და პატარა წიგნი დავწერე ხაბარდის შესახებ“...

 

პატიმრები კრონშტადტის ციხეში, 1961 წელი
პირველი რიგი მარცხნიდან: 1. კოვალევსკი; 2. ევტუშევსკი; 3. იაკობ ისარლიშვილი და 4. გულევიჩი. მეორე რიგი სხედან: 1.ნიკო ნიკოლაძე; 2. ალხაზოვი; 3. ბესარიონ ღოღობერიძე და 4. გიორგი წერეთელი.
მესამე რიგი, სამი ჯარისკაცის შემდეგ დგაგან: 1.აბელ ჩოლოყაშვილი; 2."სოვრემენიკის" თანამშრომელი პიოტროვსკი; 3.ფორტუნატოვი; 4. დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძე; 5. ვლ. დუკელსკი და 6. კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე

1861 წელს ნიკო ნიკოლაძემ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლა დაასრულდა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აქ მისი სტუდენტობა ხანმოკლე გამოდგა. სტუდენტების პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ამავე წლის ოქტომბერში სხვა ასამდე სტუდენტთან ერთად დააპატიმრეს და უნივერსიტეტი დროებით დახურეს. კრონდშტადტის (საპორტო ქალაქი რუსეთში, ფინეთის ყურესთან) საპატიმროში მან ორი თვე გაატარა. გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში მამის მოთხოვნით ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა. მალევე ჩაერთო ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მონაწილეობდა „მამათა და შვილთა“ პუბლიცისტურ და ლიტერატურულ „ბრძოლაში“.
1863 წელს ის საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, შემდეგ კი შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1868 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი სოციალური შედეგები“ და ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.



ფოტოზე: ნიკო ნიკოლაძის დისერტაციის თავფურცელი. დაცულია ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში; ელექტრონული ვერსია გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ნიკოლაძეების ოჯახისადმი მიძღვნილი გამოფენის ონლაინვერსიაში

ნიკო ნიკოლაძის საქართველოში დაწყებული პუბლიცისტური მოღვაწეობა ჯერ რუსეთში (ჟურნალ „სოვრემენნიკში“, გაზეთ „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტი“), ხოლო შემდეგ ევროპაში გააგრძელა. საფრანგეთში ყოფნისას ის ფრანგული სოციალიზმით დაინტერესდა, 1865 წელს ლონდონში ყოფნისას გაიცნო კარლ მარქსი, რომლისგანაც კავკასიაში I ინტერნაციონალის წარმომადგენლად დანიშვნაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა სამშობლოში დაბრუნება სწავლის დაუსრულებლად ნაადრევად მიიჩნია და არ დათანხმდა.

 

1867 წელს შვეიცარიაში, ჟენევაში გადავიდა, სადაც ლეონ მენჩიკოვთან ერთად დაარსა ჟურნალი „სოვრენნოსტი“. აქ გამოქვეყნდა მისი არაერთი პუბლიკაცია სახელმწიფოს მოწყობის ახლებურ, სოციალიზმზე დაფუძნებულ მოდელზე.  

1870 იანვარში ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და თბილისში, გაზეთ “დროების” თანამშრომელი გახდა. მისი წერილები პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შინაარსისაა და ევროპაში არსებული ომის ფონზე პაციფისტური სულისკვეთებითაა გამსჭვალული. 

1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ “კრებულს”, რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. პერიოდულად პარიზში ბრუნდებოდა. 1873 წლის 1 აპრილიდან საფრანგეთში დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ “დროშის” გამოცემა (დაისტამბა 10 ნომერი).

საფრანგეთში ყოფნისას ცოლად შეირთო პოლონელი ქალი ბოგუმილა ზემიანსკაია, რომლისგანაც სამი შვილი - ერთი ვაჟი (გარდაიცვალა მცირეწლოვანი) და ორი ქალიშვილი - ნინო და ელისაბედი (ლოლო) შეეძინა. 

„ნიკო ნიკოლაძის ნაწერი“, ჟურნალ „დროებაში“ 1870 წელს გამოქვეყნებული სტატიების კრებული




1874-1877 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“, იყო საქართველოში მოქმედი ხალხოსნური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1875 წელს აირჩიეს ქუთაისის საკრებულოს წევრად. 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს იყო „ტიფლისკი ვესტნიკის“, „ჰავასის სააგენტოს“ და „გოლოსის“ კორესპონდენტი ფრონტზე. 1878 წელს მას მოუხსნეს პოლიციის ზედამხედველობდა და დართეს ნება, გამოეცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველდღიური გაზეთი “ობზორი”. გაზეთის პირველი ნომერი 1878 წლის 1 იანვარს გამოვიდა. არსებობის განმავლობაში „ობზორს“ მრავალჯერ ჰქონდა დავა ცენზურასთან. ამის გამო 1879 წელს გაზეთის გამოცემა რამდენიმე თვით შეწყდა. 1880 წელს ნიკო ნიკოლაძე დააპატიმრეს და სტავროპოლში გადაასახლეს. 1883 წელს გაზეთი დაიხურა.


ფოტოზე: ნიკო ნიკოლაძე ოლღა გურამიშვილი - ნიკოლაძე, 1890-იანი წლები.


ნიკო ნიკოლაძემ ბოგუმილა ზემიანსკაიასთან ოფიციალური განქორწინების შემდეგ, 1883 წელს, ოჯახი შექმნა ოლღა გურამიშვილთან.

1855 წელს დაბადებულმა ოლღა გურამიშვილმა ბიოლოგის განათლება ციურიხის უნივერსიტეტში მიიღო. ის 1883 წლიდან თბილისის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგი იყო. შეუღლების შემდეგ, გადასახლების გამო, ნიკო ნიკოლაძე ოჯახით რუსეთში დაბრუნდა. საქართველოში ჩამოსვლის უფლება მათ 1886 წელს მიიღეს და სამტრედიაში, დიდ ჯიხაიშში დასახლდნენ. 1894 წელს ამ სოფელში ოლღამ ქალთა გიმნაზია გახსნა, სადაც პოლიტექნიკური სწავლება შემოიღო.


ფოტოზე: გაზეთ "ობზორის" რედაქციის წევრები: ნიკოლაი სიმბორსკი, ნიკოლაი შავროვი და გაზეთის რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე.

ნიკო ნიკოლაძის გაზეთი „ობზორის“

1886 წელს ნიკო ნიკოლაძე მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. ჟანდარმერია განაგრძობდა მასზე ფარულ მეთვალყურეობას.

დიდ ჯიხაიშში, საკუთარ მამულში მოაწყო სანიმუშო მეურნეობა და დაიწყო მიმდებარე სოფლების სამეურნეო და კულტურული განვითარებისთვის ზრუნვა.

1887-1891 წლებში ტფილისში რედაქტორობდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“.

1889 წელს ნიკოლაძე იყო ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი სააქციო საზოგადოება „ნახშირის“ დაარსების ინიციატორი და გამგეობის წევრი. ხელმძღვანელობდა ჭიათურა-შორაპნის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობას, ჩართული იყო ჭიათურის მანგანუმის ექსპორტის ხელშეწყობაში. 1894 წლიდან იყო ჟურნალ „მოამბის“ პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი. 

1894 წლის 18 სექტემბერს ნიკო ნიკოლაძე ქალაქ ფოთის თავად აირჩიეს. ამ პოსტზე მას შემდგომ წლებშიც ირჩევდნენ.

ფოთის მერობის პერიოდში ის ზრუნავდა საზოგადოების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ხელმძღვანელობდა მრავალ სამეურნეო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივას. ნიკო ნიკოლაძემ გაატარა ღონისძიებები ჭაობების ამოსაშრობად, ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, ცენტრალური პარკის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას, გაიყვანა სატელეფონო და წყალსადენი ქსელი და გამართა საქალაქო ტრანსპორტი. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ნიკოლაძემ მოახერხა ქალაქის დაცვა გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმისგან. 1908 წელს ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფოთის ელექტროფიკაცია და ფოთში აშენდა 500-ადგილიანი კინოთეატრი.

1914 წელს ნიკოლაძე გადააყენეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ბრალდებით, თუმცა სასამართლომ მთავარ ბრალდებაში ნიკოლაძე გაამართლა. ის იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. სამშობლოში 1917 წელს დაბრუნდა. 

აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე ეზოში წყალს ასმევენ სახედარს. დიდი ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის მამული, 1909 წელი

„1887 წლიდან 1895 წლამდე ნიკო მუდმივად ცხოვრობდა დიდ ჯიხაიშში. აქ ხშირად იყრიდნენ თავს იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები: გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, სოფრომ მგალობლიშვილი, გიორგი ჭალადიდელი, ილია ხონელი, მამია გურიელი, იაკობ ფარცხავა, იონა მეუნარგია, გიორგი ზდანოვიჩი და სხვები. ნიკოს ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე აკაკი წერეთელი.

 

აკაკი წერეთელი ნიკო ნიკოლაძეს დიდ-ჯიხაიშში პირველად 1889 წლის ზაფხულში ეწვია სტუმრად, აგვისტოს თვეში. ის ნიკოს ვაჟის - გიორგის ნათლობას დაესწრო. გიორგის ნათლობა დიდი ზეიმით გადაიხადეს. ამის შემდეგ აკაკი ხშირად ჩადიოდა ჯიხაიშში. ხან გავლით მიდიოდა, ხან ნიკოს ჩამოყავდა, ხანდახან კი 3-4 დღეს დარჩებოდა და შემდეგ გაემგზავრებოდა ხოლმე ფოთში, ქუთაისსა და ხონში. 

 

აღტაცებაში მოყავდა აკაკი სხვადასხვა ცხოველებს, რომლებიც ნიკოს საზღვარგარეთიდან ყავდა ჩამოყვანილი და გაწვრთნილი. ამ ცხოველებს აკაკი ნიკოს ბავშვებთან ერთად ეთამაშებოდა. 1909 წელს მას ესპანურ თეთრ ვირთან სურათიც გადაიღო“. 

 

წყარო: აკაკი დევიძე, „ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში“. თბილისი. 1958





ნიკო ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დამფუძნებელი ყრილობის პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარე და პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. ამავდროულად, 1917 წელს გახდა ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოების ორგანიზატორი, შემდეგ ჭიათურმანგანუმის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ის არჩეული იყო საქართველოს ეროვნულ საბჭოში, სადაც საფინანსო-ეკონომიკური და გზათა კომისიას ხელმძღვანელობდა.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ამის შემდეგ ის სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობდა გერმანიასთან ორ ქვეყანას შორის შეთანხმების გაფორმებაში. გაგზავნილი იყო გერმანიაში სახელმწიფო დელეგაციის წევრად. საქართველოში დაბრუნდა 1918 წლის ოქტომბერში.

1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. 1919–1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან, იყო გზათა კომისიის წევრი.

ეროვნული საბჭოს წევრ ნიკოლოზ ნიკოლაძის ანკეტა, 1918 წელი






საქართველოს დიპლომატიური დელეგაციის წევრები ბერლინში, 1918 წელი

მარცხნიდან დგანან: სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და მიხეილ წერეთელი. მარცხნიდან სხედან: ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი და ზურაბ ავალიშვილი.

ნიკო ნიკოლაძის ოჯახი

1920 წელს ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური და საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრი. ის ასევე ითავსებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის ფუნქციას. იმავე წლის ოქტომბერში დატოვა დამფუძნებელი კრების მანდატი, რადგან ევროპაში მივლინების გამო ვერ მონაწილეობდა კრების საქმიანობაში. 

ნიკოლაძემ ევროპაში შეიტყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ამბავი და ევროპაშივე განაგრძობდა მუშაობას ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩაბმული იყო საზღვარგარეთ ქართული პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში. 1922 წლის 3 მარტს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით ხელი მოაწერა საზღვაგრეთის ინტერპარტიული კომიტეტის შეთანხმებას. 1924 წლის მარტში ლეგალურად დაბრუნდა ოკუპირებულ საქართველოს.

გარდაიცვალა 1928 წელს. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1957 წელს გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის გახსნა დიდ ჯიხაიშში. კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“, 1951 წელი

გვერდზე გამოყენებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. 

 

გვერდის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, სოფიო ჯობავა, მაია ქირია, ხატია ქინქლაძე,  გიორგი კაკაბაძე, ქეთევან ასათიანი, თამარ ბჟალავა, ქეთევან კობიაშვილი, ქეთევან სადაგიშვილი, სოფიო ფაციაშვილი, ვალერი ლევჩენკო.