იმერეთის მეფეს სვიმონს გაეგზავნა კაცი საქართველოს მეფესთან, ოფიშქვითიდგან თბილისს და ამ კაცს - როგორც ამბობენ - ვითომ ერთის დღეს გაევლოს ცხენით ეს მანძილი და ამ საგანზედ გაგზავნილს ეს ლექსი უთქომს:
ოფიშკვითიდგან (1) გამოქცეულსა
ცხენი წყალსა მთხოვს მეჯუდაზედა (2)
გასწი, ტიელო, რა დროს წყალია
გაგარონინებ, გასმევ ქსანზედა!..
1. ოფიშქვითი - ქუთაისს დაბლა არის, თბილისიდგან 200 ვერსტი
2. მეჯუდა - მეჯრუხევს გამოსდის და ლიახვს შეერთვის გორს ახლო.
შენიშვნა: ამ ლექსში არის გამოხატული, თუ რაოდენი სივრცე განვლო ცხენმა და კაცმა, მათი შესძლება, სიმარჯვე და გამჭრიახობა.
ტუსაღის ნათქომი
პანასკენთელო, ჯიუტო, მტერთაგან მოუქცეველო,
ხორასანს რაზედ გამგზავნე, შე ოჯახ დასაქცეველო?!..
(გურიაში გაგონილი)
გული მიწუხს სასიკვდილოდ, ქინძი მინდა ძმარიანი,
შენს ჯავრს რომ არ მოვეკალი, ბიჭო, ვიყავ გვარიანი.
(კახეთში გაგონილები:)
იამა გშობა შობითა, ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა, მას ჰგევხარ სუნნელებითა.
*
იმერეთი დამივლია, ქართლი შემიჯერებია
არ მინახავს შენისთანა - ყელი მოგიღერებია.
*
ჭინჭარი ჭირის ჭირია, სატაცური - ბალღამი
სვინტრი მოდის, მოიძახის: მე ვარ ყველას წამალი.
ძველს ხელს ნაწერებში ვნახე გალექსული, ზმად გამოყვანილი განჯაფაში, ჭანდრაკში და ნარდში სახმარი სახელწოდებანი. იქვე სწერს, რომ ესენი მეფის თეიმურაზის მეორისაგან არიანო ნათქომნი.
განჯაფაზედ
ამისგან ჯაფასა ბევრს ვნახავ, ვინ მზესა დაედარების,
ალალთა ფიცსა არ სჯერა, მას სხვა რა მოეგვარების,
ამაყი ზილიხანისთვის, უწყენს ვინც მოეხმარების,
აბა რათ იწყენს ხუმრობას, თუ მე კი არ მემტერების.
დიაღ აღ ჩადის ავადა, რას არ მომყვების მეოდა
ხმა ლიზღობაში წამერთვა შემომწყრა ჩემი მზეოდა,
მომჩანგის წელში გაყრითა, დავსწყევლე რიცხვი დღეოდა,
რათა ჯიჯინი გადამხდა, რათ აღარ მახსენეოდა.
ყუ მაშინ ბალიშად ვნახე, თავს ქვეშე დადებულები,
ეყარა ჯიბეს მას ვარდი, ფიცხლავ ცხვირს მეცა სულები,
ათი ფიალის ღვინის სმით ეშყმან შემიკრა გულები,
ვარა ყიზილბათს ნამყოფი, გავსინჯე ჩემი თქმულები.
თვალის ბაია ხალვითა ვერ გაუმართე მზესაო
იამ სუნნელი მაკმია, აღარ მომიდებს ცეცხლსაო,
იმას ნაფირი დაეკრა, ვიშუშპრო მუდამ დღესაო,
არა ხარ ჯიქი მე მაზა ლბილი ჩამიდევ ხელსაო
მომართულ ფიცხელს ჩემზედა ისარსა თუ მკრავს გულსადა,
ცხენისა ახალს უნაგირთ შევადგამ არაბულსადა,
მზის მეტოქ მინდობილს მაგდებ, ღვთის მადლს რას ეტყვ სჯულადა,
ნაილაჯობა შენგნითა ჩემი წაგიწყდეს სულსადა
ნარდზედ
„ხმა ნარნარ დიახ უხდების, ბულბულსა ჭიკჭიკობანი
ია ქებითა ვერ უდრის, წითელს ვარდზედ აქვს ბჭობანი,
სად უყებს ნახეთ მუდამად ვისი სჭირს მიჯნურობანი
ასე ევლება თავზედა, მისი არ უნდა ძმობანი.
ჩარიგებული ყვავილი კარგია ნამიანია,
ფანჯი შევახო ხელისა სად იყოს ეკლიანია
მაშე შიგ ჩავყოფ მე ცხვირსა უსუნებ ცრემლიანია
რას მეკამათე ლიზღობით შევიქენ სევდიანია
ვაჟკაც იწამლეთ ვინ იყოთ, ჩემებრ მიჯნურის ხელობით,
გულს ჰკარით ვარდის კონები, უფრო არ გახდეთ, ძნელობით,
მას ეთამაშე კარგ გვარად, მამაცურად და ქველობით,
იქ ვიშ არ ითქმის უარეთ, მორევით, ვერცა მძლეობით“.
ჭანდრაკზედ
ნიჭად რაკი რუკი მესმა, კართა ზედა კენჭის ცემით,
მეფერების თავი შენი, შემიბრალე ხმის გაცემით
აქ სულა ზი, ერიდები კაცთა, სტირი გარდაცემით,
უკუნითი მოგცე თავი, რომ გამხეთქო თუნდა ცემით.
მომხედარის კაცის თვალმა შემიწყალა, დამრთო ნება,
ეტლი მქონდა მას დღეს კარგი, არ მჭირდება ცეცხლთა დება,
ჩუენ არ შევალთ იმის გარჩევაში, თუ რომელი ამ ლექსებთაგანი არის აზროვანი, ანუ უაზრო, რომელია გრძნობით გამოხატული, ანუ მჭევრმეტყველათ, აზროვანად და ძლიერად, ან კიდევ, რომელთა მიუძღვისთ ნაკლულოვანება და მაგგვარი. ეს საქმე მივაჩემოთ კრიტიკას. თავის დროზედ პირუთვნელი კრიტიკოსი როდესაც დაინახავს „კრებულს“ ძველის ლექსებისას... განარჩევს თვითოეულს მათგანს ღირსეულად, დააფასებს მათსა ძალას, მნიშვნელობას და სიკეთეს. ეს კია სათქმელი, რომ ბევრი არ ცდილობს შეკრებას ამგვარის ლექსებისას და დროთი დრომდენ, მოსალოდნელია დაგვეკარგნენ ისინი უკვლოთ და აღუდგინებლად, მაშინ როდესაც იგინი შეიცავენ მრავალს მასალას, ვითარცა ისტორიულს, აგრეთვე ლიტერატურულს და გამოგვიხატვენ წარსულის დროების ჩვეულებას, ზნეობას და ხარისხსა და წრესა უწინდელის მდაბიო ხალხის განათლებისას.
ამბობენ, ვითომ პეტრე უმიკაშვილს გქონდეს შეკრებილი ბევრი, კარგი, ძველებური ლექსები სახალხო ლიტერატურიდგან, მაგრამ ის დალოცვილი, მეტად აძნელებს იმათს გამოცემას. იტყვიან: ფიქრობსო, ყველა ლექსები შეკრიბოს და მაშინ გამოსცემსო.
თუ ასეა, ეს აზრი უსაფუძვლოა, რადგან არ შეიძლება ყოველი ლექსები ისე შეიკრიბოს, რომ აღარა დარჩეს რა. ჩემის აზრით, სჯობს ჯერ ის დაიბეჭდოს, რაც ხელთ გვაქვს და შემდეგში სხვა; ოღონდ კი, ნუ უსუსტებთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ვგულმოდგინეობთ ამგვარების შეკრებას.
ერთი სიტყვა განჯაფაზედაც უნდა ვსთქვა, რადგან ადგილმა მოიტანა.
განჯაფის თამაშობის აღწერა ჩუენ გვეგულვება „ცისკარში“ 1857 წლის დეკემბრის ნომერში, მაგრამ იმ აღწერით მე ვერა გავიგერა. სანატრელია კია, რომ ამ თამაშის მოგონება და სწავლა განაახლოს ვინმემ.
იტყვიან: „ნადრი - ბედია“, ჭანდრაკი - ჭკუა, განჯაფა - ცრუა. დეე, იყოს სიცრუე! ყველა ბანქოს თამაშობა სულ სიცრუე არ არის?