უკან დაბრუნება

საახალწლო კინოსიუჟეტი, 1961 წელი

სესილია თაყაიშვილისა და ავლიპ ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვები. კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“.

საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა - სექტემბერში, მარტში, იანვარში.

ჩვენს ქვეყანაში ახალი წლის დაწყებას 1 იანვრიდან დაახლოებით მე-15 საუკუნიდან აღნიშნავდნენ.

ამ გვერდზე წარმოგიდგენთ ახალი წლის თემაზე საარქივო დოკუმენტების ნაწილს, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს. 

„ორი სიტყვა იულიუსის და გრიგორიის კალენდარზე“, „საქართველოს კალენდარი“, 1888 წელი, რედაქტორი ვალერიან გუნია

„დროება“, 1869 წლის 2 იანვარი
როგორ ხვდებიან გურიაში „კალენდას“ - ნაწყვეტი დროების 1869 წლის 2 იანვრის სტატიიდან:
„... იმ ღამეს სანთლის დანთების ღამეს ეძახიან შინაურულად, ხოლო სასოფლოდ ეძახიან რცხმელის ჭრად, რადგანაც მართლა იმ დღეს რცხმელის შეშის მეტს ხალხი არას მოსჭრის და ახალ წელიწადს იმ ხსენებულ რცხმელის შეშის მეტს არას ხმარობენ... რა რომ ვახშამს დაასრულებენ, ერთი მამაკაცთაგანი გამოდის გარეთ და შეუდგება ჩიჩილაკის* კეთებასა და თლასა, მინამ ალიონი მოატანს, მანამ იმ ჩიჩილაკის ჩამოთლას უნდება;
მაგრამ, როგორც მორთული იქმნება ეს ჩიჩილაკი, ისიც მოიხსენეთ მკითხველო, იმაზედ იქმნებიან დამოკიდებულნი, რაც შეძლება აქვს იმის პატრონს, ოქრო ან ვერცხლი, ან რომელიმე ნივთეულობა, ან რამე ტკბილი შაქარლამები, ან რაც ამ გვარის ხილოულობას იშოვნის; მასთან სუროს ფოთელი თავის მარცვლებით და ეკლის წითელ-წითელი მარცვლები, რომელსაც აქ ეძახიან „კურკანტელას“ და რა რომ ალიონი ამოვა, მამაკაციც მოათავებს ჩიჩილაკის წყობას და რთვას, გამოვა გარეთ ამ ჩიჩილაკით, თან მიჰყვება ერთი ანუ ორი ბიჭი, თუკი შეძლებული კაცია... მიადგებიან თავის სახლის კარებს, რომელშიაც კარზე ვინმე იდგება და ამას სახლის კარები ხელით აქვს დაჭერილი. მამაკაცი გარედამ შესძახებს დიდის სიამოვნების ხმით: „კარი გამიღე!“ სახლიდამ ეპასუხებიან: „რა მოგაქვს?“ მამაკაცი: „მობრძანდება წმინდა ბასილ, მოაქვს ღვთისა და ბატონის მოწყალება, კაცთა მშვიდობა, ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, პური და ღვინო. ბედაური ცხენი რახტის შეკმაზული, ყირიმის თოფი, ინგლისის ფისტო (დამბაჩა), მოჭედილი სატევარი (ხანჯალი) და ყაჭ-აბრეშუმი“; რა რომ ამ ლოცვას დაასრულებს, კიდევ შესძახებს: „კარი გამიღე“! და კვალადვე პირველისამებრ მიიღებს პასუხს; რაღა დიდი გავაგრძელო, სამის გზის დალოცვის შემდეგ გაუღებენ კარებს და კარზე მდგომი შესცინებს: ხა! ხა! ხა! და ეს კაციც თავის ჩიჩილაკითა და მხლების თან მიყოლით შედის სახლში... იქ არიან შეკრებულნი დამდგარი ყველა იმ სახლშივე მყოფნი კაცნი და ქალნი. ყველას უჭირავს მოკიდებული ხელში თაფლის სანთლები. ეს კაცი თითოეულს იმ მდგომს ულოცავს: „ღმერთმან მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოსო“ და ისინიც მიუგებენ და ჩიჩილაკის მორთულობას ხელით უნდა შეეხონ. მამაკაცი სამ გზას ჩამოატარებს ამ ჩიჩილაკს და შემდეგ სახლის ერთ კუთხეში ჩამოჰკიდებს ნათლისღების დილამდის...
გურული ო... ბერიძე“.
* „ჩიჩილაკი არის თხილის ჯოხიდამ შემდგარი ნათალი ფუჩეჩი ჩამოკიდებული; იმაზედვე ჩიჩილაკს სიგრძე ექნება ორი საჟენი და სიმსხო ერთი არშინი“.

„დროება“, 1868 წლის 5 (17) იანვარი, ამონარიდი საახალწლო ფელეტონიდან:

„ქრისტეშობის 31-ია, აი ზარები დარეკეს... ნუშსა და ნიგოზს არჩევენ. თაფლი დილიდანვე უყიდნიათ. აი, აგერ დასამხრდა, სანთლები აანთეს, ზედადგარი შედგეს ბუხარში და თაფლით ქვაბი შესდგეს ზედა... დედილოს უჭირავს ჩამჩა და მალ-მალე შინჯავს თაფლსა, უბერავს, რომ გააციოს და შინჯავს ხელით. მოიწია თუ არა, თან ჯავრობს, რომ ამისთანა თაფლი არ მინახავს, ღმერთი უწყრება, არ ეშველაო. თუმცა კი იქნება აგერ ეს ოცდამეცხრამეტე წელიწადია გოზინაყის მოხარშვაზე სულ ასე იცის ლაპარაკი. აი, ამოვიდა თაფლი, გადმოდგეს ზედადგარიდამ, აი შესდგეს კიდევ, მოურიეს და შინჯავენ და ბოლოს ჩაჰყარეს ნიგოზი, აურიეს კარგად, ამოიღეს, დაასხეს სინებზე... ახლა ნუში ჩაჰყარა, ახლა დაასხა სინზე. და ბოლოს ფანჯრებში დააწყეს და ყველა წელში გასწორდა და გულის ფანცქალი დაუმშვიდდა რომ თაფლი არ დაიწვა და გოზინაყი აგერ სადაცაა ვახშამზე მზათ იქნება“.

გაზეთ „ივერიის“ საახალწლო სურვილები, 1887 წლის 1 იანვარი

საშობაო ნაძვის ხე. თბილისი, ვ.მ.ტ.-ის ბინა, 1913 წელი.

მზადება ახალი წლისთვის, 1937 წლის დეკემბერი

კინოსიუჟეტი „საახალწლო ნაძვის ხე“, 1939 წელი.

კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“.

„ნიანგი“, 1945 წლის დეკემბერი

„საახალწლო დეპეშები“

„აბანოების ტრესტს
გისურვებთ გრიპისგან განკურნებას, გამოიარეთ ჩვენთან საბანაოდ, თავს რატომ იყინავთ?
ვერის პარკის დირექცია

საბურთალოს ბაზრის დირექციას
გისურვებთ რევმატიზმებისგან განკურნებას და ტალახის აბაზანების გაუქმებას. მომხმარებლები

თბილსათბობს
გისურვებთ თბილსათბობებს საყოფად, მრავალს დაესწარით! აბანოების ტრესტი

სატყეო მრეწველობის კომისიარიატს
ერთობ გვასიამოვნა თქვენმა ასანთმა, გიმრავლოთ პროდუქცია. სახანძრო დაცვა

სახელგამს
ჩემს დროს ძალიან გავრცელებული გახლდათ წიგნების ხელით გადაწერა, კარგი იყო, ზარალი არ იცოდა. ნ. ბარათაშვილი

გლავოსობტორგის უნივერმაღს
გისურვებთ მაღალ დახლის დადგმას (ქვეშ საქონელი ბლომად დაეტევა). სპეკულანტები

ტრიკოტაჟის კომბინატს
გილოცავთ ომის დამთავრების გამო გამო ფართო მოხმარების საქონლის გამოშვების შეწყვეტას. რა გენაღვლებათ, აწი ყველაფერი ციდან ჩამოცვივა! მომხმარებლები

ფეხსაცმელების N2 ფაბრიკის დირექციას
მობრძანდით ჩვენთან საახალწლოდ, მხოლოდ თქვენი ფაბრიკის ფეხსაცმელები არ ჩაიცვათ: ჩვენამდე ვერ მოაღწევთ. ქალების ჯგუფი“.
65 წლის წინათ საქართველოს ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო.
„თბილისის მშრომელებმა ახალ წელს ჩინებული საჩუქარი მიიღეს. მამადავითის მთიდან ქალაქს მოეფინა ტელევიზიის სხივები“.
რეჟისორი: შალვა ხომერიკი
ტექსტს კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე

მუსიკა: იაკობ ბობოხიძე. შემსრულებლები: ირაკლი უჩანეიშვილი და ლენა რაქვიაშვილი. 1972 წელი.

„ფიფქები“

საახალწლო კონცერტი სპორტის სასახლეში, 1983 წლის 4 იანვარი. მალხაზ დათიკაშვილის ფოტოები

საახალწლო კონცერტი, თბილისი, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, 1983 წლის 31 დეკემბერი. ანატოლი რუხაძის ფოტოები

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კირიალესა“, ხელმძღვანელი ლელა ურუშაძე, 2010 წელი

„კირიალესა“

„სულხან-საბას ახალწელიწადი“ - სახალისო კითხვარი, რომელიც შედგენილია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონზე დაყრდნობით. 


უპასუხეთ კითხვებს და გაიგეთ რა არის „ვრომალ, ვოტა“, „ატმენაქობა“, როგორ განმარტავდა სულხან-საბა ჩურჩელას, გოზინაყს და რამდენი სახელი აქვს თოვლს. 


https://archive.gov.ge/ge/quiz/sulkhan-sabas-akhaltselitsadi-1  


საქართველოს ეროვნული არქივის 2024 წლის კალენდარი