XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სვეტიცხოველი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო ტაძარი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა აღსაყდრების ადგილია.
ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ხის ეკლესია აუშენებია, რომელიც მალევე განადგურდა. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, V საუკუნის II ნახევარში, ამავე ადგილზე ბაზილიკა აშენდა, XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგებინა. ტაძრის ხუროთმოძღვარი არსუკისძე იყო. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.
სვეტიცხოველი მიწისძვრების გამო თუ მტრის შემოსევებისას არაერთხელ დაზიანდა. სხვადასხვა საუკუნეში მის აღდგენაზე ზრუნავდნენ მეფე გიორგი VI ბრწყინვალე, მეფე ალექსანდრე დიდი, როსტომ მეფე და სხვა საერო თუ სასულიერო პირები.
საქართველოს ეროვნული არქივი მდიდარია სვეტიცხოველთან დაკავშირებული საარქივო მასალით. ამ გვერდზე წარმოგიდგენთ ისტორიული საბუთების, ხელნაწერების, ფოტოებისა და კინოკადრების ნაწილს, რომელიც ტაძრის ისტორიას ასახავს.
მელქისედეკ კათალიკოსის შეწირულების წიგნი მცხეთის სხვეტიცხოვლისადმი.
1031/1033 წლები.
დედანი დაკარგულია. მე-12 საუკუნეში (სხვე ვერსიით, მე-11 საუკუნის ბოლო მეოთხედში) გადაწერილი პირი. ფრაგმენტი.
საბუთის ტექსტის ფრაგმენტი: „ესე დაწერილი მოვახსენე და შევსწირე ყოველთავე ჩრდილოეთისა კედართა შორის უაღრესსა და უაღმატებულეს-უდიდებულესსა, წმიდასა და კათოლიკე და სამოციქულოსა საყდარსა მცხეთისასა, სალოცველსა და სახლსა ღმრთისა დიდებისასა და მას შინა ღმრთივ-აღმატებულსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა სამეუფოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და წმინდა-მყოფელსა, ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქმან მელქიზედეკ, მას ჟამსა, ოდეს უღირსი ესე ღირს ვიქმენ საჭეთ-პყრობად წმიდისა ამის ტაძრისა კათოლიკე სამოციქულოისა ეკლესიისა და შევამკევ სალხინებელად სულისა ჩემისა და წარსამართებელად ქრიატიანეთა. და შევამკევ ყოველთავე სამკაულობითა, გარეთითა ბჭითა და გარშეო სტოითა მოქმნითა და ზედადაბურვითა...“
მცხეთაში სამეცნიერო ექსპედიციისას გადაღებული ნივთები:
ა) ვარსკვლავი;
ბ) სვეტიცხოვლის სანაწილე (სვეტის სასწაულის გამოსახულებით), XVIII საუკუნე. XX საუკუნის პირველი მეოთხედის ჩათვლით ლუსკუმა სვეტიცხოველის ტაძარში ინახებოდა. დაცულია ხელოვნების მუზეუმში;
გ) ჭედური სანაწილე;
დ) სამი ჯვარი;
ე) ბარძიმი კოვზით;
ვ) ტაკუკი ლამბაქით.
მცხეთა. ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან, 1900-იანი წლები.
1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა.
ფოტოზე: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღმდგენი სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილენი.
პირველ რიგში, მარცხნიდან მეოთხე: დეკანოზი ე. ვეფხვაძე.
მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე: მღვდელი ზოსიმე ნემსიწვერიძე; მეოთხე: მღვდელი გიორგი კალანდარიშვილი; მეხუთე: დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, მეექვსე: ეპისკოპოსი პიროსი ოქროპირიძე; მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე; მერვე: კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II; მეცხრე: მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე; მეათე: არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია; მეთერთმეტე: არქიმანდრიტი დოსითეოს ბერძენიშვილი; მეთორმეტე: არქიმანდრიტი დიმიტრი; მეცამეტე: არქიმანდრიტი იოანე ქარსელაძე; მეთოთხმეტე: არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი; მეთხუთმეტე: ხუცეს მონაზონი ეპიფანე.
მესამე რიგში, მარცხნიდან მეხუთე: დეკანოზი იოანე ლუკაშვილი; მეშვიდე: ივანე პურადაშვილი; მეოცე: მღვდელი პ. ებანოიძე.
მეოთხე რიგში, მარცხნიდან მეშვიდე: დეკანოზი ზაქარია ლუკაშვილი; მეთოთხმეტე: მღვდელი სიკო კახეთელიძე.