უკან დაბრუნება

მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი ვანო სარაჯიშვილი 1879 წლის 1 მაისს სიღნაღში დაიბადა. 

 

ვანოს მშობლები იყვნენ პედაგოგი, ნოტარიუსი პეტრე სარაჯიშვილი და ეფემია რუსიშვილი-ყორჩიბაში. 

 

8 წლის ვანოს მამა გარდაეცვალა და მრავალშვილიანო ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1888 წელს ვანო და მისი ძმა ანდრია სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს. 

 

ფოტოზე: ვანო სარაჯიშვილი აბესალომის როლში. ოპერა „აბესალომ და ეთერი“

ვანო სარაჯიშვილი ბავშვობაში




სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლისას ვანოს სიმღერის ნიჭმა ყურადღება მიიპყრო. ამ დროისათვის გიმნაზიის გუნდს სათავეში ედგა ლოტბარი ზაქარია ჩხიკვაძე. „თავისი შესანიშნავი ხმით, მუსიკალობითა და სმენით ჭაბუკმა ვანომ ისეთი ნდობა დაიმსახურა, რომ ზაქარია ჩხიკვაძემ იგი თავის თანაშემწედ დანიშნა და იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი მიანდო. გუნდი ხშირად გალობდა კალოუბნის ეკლესიაში, სადაც მას ვანო ლოტბარობდა. ამასთან, გიმნაზია ხშირად აწყობდა ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოებს, რომლებსაც ესწრებოდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები. თავისი განსაკუთრებული ხმითა და სმენით ვანო მათ ყურადღებას იპყრობდა... ვანო გუნდში ბანს ამბობდა, მაგრამ ზოგჯერ გაჰკრავდა ხოლმე კახურად, თავისებურად, პირველსაც და მოძახილსაც.


წყარო: შალვა კაშმაძე, „ვანო სარაჯიშვილი“, თბილისი, 1947





თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში განვითარებული ყოფილა ტანვარჯიშის დისციპლინაც. შალვა კაშმაძის მონოგრაფიაში „ვანო სარაჯიშვილი“ ვკითხულობთ, რომ მომღერალი ამ მხრივაც გამორჩეული ყოფილა, მას გიმნაზიის ტანმოვარჯიშეთა შორის პირველი ადგილი ეკავა.

ამავე წიგნში ავტორი ვანო სარაჯიშვილის კიდევ ერთი გატაცების შესახებ გვიამბობს: „გიმნაზიაში ვანო სარაჯიშვილი არ იშორებდა თავის სალამურს, რომლის ჰანგზე მამამ ლეკური ასწავლა. როგორც კი ხელსაყრელ დროს იხელთებდა, ვანო სალამურს ამოიღებდა და წარმტაც მელოდიათა ჰანგებით ატკბობდა თავის ამხანაგებს. აქ ჩვენი დიდებული ქართული ჰანგიც იყო, ვანოს ოცნებით შეთხზულიც ბლომად ერია. ვანო არამარტო დაკვრის ოსტატი იყო, უბადლო სმენითა და მუსიკალობის წყალობით შესანიშნავ სალამურებსაც აკეთებდა“.


წყარო: შალვა კაშმაძე, „ვანო სარაჯიშვილი“, თბილისი, 1947

ვანო სარაჯიშვილის ბიძაშვილი ივანე სარაჯიშვილი 1888 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში მოღვაწეობდა და სახელგანთქმული იყო, როგორც ჩელოს დაკვრის ვირტუოზი. ქართულ გიმნაზიაში ყოფნის პარალელურად ვანო თავის ბიძაშვილთანაც მეცადინეობდა. 1898 წელს ვანო სარაჯიშვილმა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, ამ პერიოდში აქ სწავლობდა კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილიც.
1890-იანი წლების ბოლოს ვანო სარაჯიშვილი ლოტბარ სანდრო კავსაძის გუნდს შეუერთდა. გუნდში ის მისი სკოლის მეგობარს, მიხეილ კავსაძეს მიუყვანია. აქვე მღეროდა სანდრო ინაშვილიც. ვანოს მონაწილეობით ქართული ხალხური მუსიკისა და გალობის გუნდმა მთელი საქართველო მოიარა.
ვანოს, როგორც ჩელისტის პირველი კონცერტი 1899 წელს გაიმართა და დაუკრა გოლტერმანის „გრანდ დუო“.
1900 წელს ვანო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და სასწავლის მიტოვება მოუწია. „ჩელო ერთხანს მიატოვა, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე არ გაუწყვეტია მასთან კავშირი. ხშირად დაავლებდა ხოლმე ხელს და მთელი საათების განმავლობაში გატაცებით უკრავდა“.


წყარო: შალვა კაშმაძე, „ვანო სარაჯიშვილი“, თბილისი, 1947

ფოტოზე: ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი

1903 წელს ვანო სარაჯიშვილმა თბილისის სათავადაზნაურო კომისიისაგან სტიპენდია მიიღო და პროფესიული მუსიკალური განათლების მისაღებად პეტერბურგს გაემგზავრა. 1906 წლის ივნისში მისი საოპერო დებიუტი შედგა პეტერბურგში, იტალიური დასის დადგმულ ოპერაში „ტრავიატა“.

 

1906 წლის შემოდგომაზე თბილისში დაბრუნდა. „ტრავიატა“ იყო მისი პირველი სპექტაკლით თბილისის ოპერის თეატრშიც. ამავე პერიოდში მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლებში „რიგოლეტო“ და „ევგენი ონეგინი“. 

 

ეკატერინე გაბაშვილი იგონებდა: „მე დავესწარი ევგენი ონეგინს 1906 წლის 27 ოქტომბერს, საზეიმო განწყობილება იყო, თეატრში ნემსი არ ჩავარდებოდა. ისე განსაცვიფრებლად მღეროდა ვანო, რომ ვერვინ ბედავდა ხელი შეეშალა აპლოდისმენტებით“. 

 

1906 წლის ბოლოს ვანო სარაჯიშვილი იტალიაში გაემგზავრა და მაესტრო კასტელანოსთან მეცადინეობდა. გამოდიოდა ლა-სკალას, ასევე, პარმას, ტრიესტრისა და ნიცას საოპერო სცენებზე. 1908 წელს თბილისში დაბრუნდა და კვლავ ოპერის სცენაზე გააგრძელა მოღვაწეობა. 







თბილისის ოპერის სცენაზე 1908 წელს დადგმულ სპექტაკლში „მარგალიტის მაძიებელნი“ ვანო სარაჯიშვილმა ნადირის როლი შეასრულა. ამ როლმა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. რეცენზიაში წერდნენ: „... დიდი წარმატება ხვდა წილად ვანო სარაჯიშვილს, ნადირის პარტიაში მას ყველაფერი უწყობდა ხელს: მელოდიურობა, მდოვრე წყობა, ელეგიური ელგერი და ორკესტრის წყნარი თანამავლობა. აქ, როგორცა სჩანს, მსახიობი ისე გრძნობდა თავს, როგორც ორაგული მორევში და სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ ვერავითარ ნაკლს ვერ დასწამებს ადამიანი“.
ვანო სარაჯიშვილი კონცერტებს მართავდა არტისტული საზოგადოების, ასევე ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლის სცენებზეც.
ამ პერიოდში მომღერალმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მის თაყვანისმცემლებს „სარაჯისტკებს“ ეძახდნენ. გაზეთმა „საქართველომ“ ამ თემას კარიკატურაც მიუძღვნა.


წყარო: შალვა კაშმაძე, „ვანო სარაჯიშვილი“, თბილისი, 1947

გაზეთი „საქართველო. სურათებიანი დამატება“. 1908 წლის 16 ნოემბერი. ოსკარ შმერლინგის შარჟი

1910 წლის აპრილში ვანო სარაჯიშვილი ნინო ქიქოძეზე დაქორწინდა.

 

ოპერის სცენაზე მოღვაწეობასთან ერთად, ვანო სარაჯიშვილი კონცერტებს მართავდა თბილისსა და საქართველოს რეგიონებშიც - სოხუმში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ქართული ხალხური სიმღერებიდან მის რეპერტუარში გამორჩეული იყო „ურმული“. უბადლოდ ასრულებდა რომანსებს: „მხოლოდ შენ ერთს“, „ისევ შენ და ისევ შენ“, „მზე აღარ ბრწყინავს“ და სხვ. 

 

1913 წლის 28 მაისს შეასრულა ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“, 1914 წელს 7 ივნისს კი „ქართულ კლუბში“ იმღერა ნაწყვეტები დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „შოთა რუსთაველი“. 1916-1917 წლებში ვანო სარაჯიშვილი პირველ ტენორად იყო მიწვეული ბაქოს ოპერის თეატრში. 

 

1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ოპერის სცენაზე ალექსანდრე წუწუნავამ დადგა პირველი ქართული ოპერა, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“. აბესალომის პარტიას ვანო სარაჯიშვილი მღეროდა. განსაკუთრებული ყოფილა დადგმის პირველი აქტი, რომელსაც მაშინდელმა პრესამ „გაზაფხული სცენაზე“ უწოდა. 

 

ფოტოზე: ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერის შემდეგ გადაღებული ჯგუფური სურათი. ცენტრში, ოპერის მსახიობთა შორის, სხედან: ზაქარია ფალიაშვილი და ალექსანდრე წუწუნავა, მათ უკან, შუაში, დგას ვანო სარაჯიშვილი. 

„მრავალჟამიერი“ ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარიდან. მუსიკის ავტორი ზაქარია ფალიაშვილი, ტექსტი პ. მირიანაშვილი. ოთხხმიანი სიმღერის ნოტები აკაკი წერეთლის 50 წლის საიუბილეოდ გამოსცა ქართულმა ფილარმონიულმა საზოგადოებამ

ვანო სარაჯიშვილის ხმა აღბეჭდილი იყო რამდენიმე ტექნიკურად არასრულყოფილ გრამფირფიტაზე. 1999 წელს ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი დედნების საფუძველზე, ნოდარ ანდღულაძემ ჩანაწერების პირველადი სრულყოფილი ხმოვანება აღადგინა. ჩანაწერები დაიბეჭდა კომპაქტდისკი სახით. 

ვანო სარაჯიშვილი, „ისევ შენ და ისევ შენ“

მუსიკა: ანდრია ყარაშვილი, ტექსტი: ლადო აბაშიძე. [1912-1915 წლები]

ვანო სარაჯიშვილი, „ურმული“ [1912-1915]

ვანო სარაჯიშვილი, „მხოლოდ შენ ერთს“

მუსიკა: კ. სარჯველაძე, ტექსტი: შალვა დადიანი. [1912-1915 წლები]

ვანო სარაჯიშვილი, „დავრდომილი, სნეული“, მუსიკა: ანდრია ყარაშვილი

ვანო სარაჯიშვილი, „მზე აღარ ბრწყინავს“

მუსიკა: დიმიტრი არაყიშვილი [1912-1914 წლები]

ვანო სარაჯიშვილი „გენაცვალე“, მუსიკა: ჯოვანი ბონჯიოვანი, ტექსტი: იოსებ გრიშაშვილი

ვანო სარაჯიშვილი, „ჩემი ვარსკვლავი“

მუსიკა: დი'კაპუა, ტექსტი: იოსებ გრიშაშვილი, კ. ანდრონიკაშვილი. [1912-1915]

ვანო სარაჯიშვილი, „ოდესაც გიცქერ“, მუსიკა: მელიტონ ბალაჩივაძე, ტექსტი: გრიგოლ აბაშიძე. [1912-1915]



















„ქართულ კლუბში“ დაგეგმილი წარმოდგენის პროგრამა

„მსახიობთა კავშირი „ქართულ კლუბში“ მართავს „დიდ ღამისთევას“. წარმოდგენილი იქნება „სიმართლე“ და „იმერელი“. მონაწილეთა შორის იყვნენ: ვანო სარაჯიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, სანდრო ინაშვილი, დები თარხნიშვილები და სხვები.

1919 წლის 24 მაისი






















„ქართული საღამოს“ პროგრამა

XXVII ტრადიციული ქართული საღამო ბათუმის საკრებულო დარბაზში „ბათომის ქართველთა ეროვნული საბჭოსა“ და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათომის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული.


მონაწილეობას იღებენ: დები თარხნიშვილები, პაოლო იაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, თაგუნა, სანდრო ინაშვილი, იოსებ გრიშაშვილი.


1920 წლის 14/27 იანვარი, ბათუმი.



1923 წელს რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა გადაიღო მხატვრული ფილმი „მამის მკვლელი“, სადაც ონისეს როლი ვანო სარაჯიშვილმა შეასრულა. სწორედ ამ ფილმმა შემოგვინახა მომღერლის სახე კინოში.

ვიდეო: ფრაგმენტები ფილმიდან „მამის მკვლელი“. ნუნუ - ნატო ვაჩნაძე, ონისე - ვანო სარაჯიშვილი. 1923 წელი





















ვანო სარაჯიშვილს „ესპანური სენის“ გადატანის შემდეგ ჯანმრთელობა შეერყა. 1924 წლის ივნისიდან ის მძიმედ ავადმყოფობდა, ამ წლის 11 ნოემბერს კი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში.


ფოტო: ვანო სარაჯიშვილის მონუმენტი სიღნაღში. მოქანდაკე ამირან ბილანიშვილი

გვერდზე გამოყენებული მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

 

გვერდის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, მარინა სხირტლაძე, გიორგი კაკაბაძე, ქეთევან სადაგიშვილი, სოფიო ფაციაშვილი, მარიამ გუნია, ნინო სარაჯიშვილი