ეროვნული არქივის საექსპედიციო ჯგუფის მიერ დმანისის „დალაშქრვა“ შემთხვევით არ გადაწყვეტილა. მრავალშრიანი და უამრავი კუთხით საინტერესო დმანისის ნაქალაქარი ქვეყნის ისტორიის თითქმის ყველა ეტაპს ასახავს. წყაროების მიხედვით, ისტორიკოსები დმანისს ხშირად უკავშირებენ გიორგი II-ს, დავით აღმაშენებელს, ლაშა-გიორგის, დემეტრე II-ს და აღნიშნავენ, რომ ის ერთ-ერთი უმდიდრესი და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო.
ამავე დროს, პატარა ქვეყნის ამ პატარა გეოგრაფიულ პუნქტს კარგად ახსოვს არაბი ამირა, მონღოლი სადუნ მანკაბერდელი, ოსმალებისა თუ სპარსელების შემოსევები, ლეკების თარეში და ა.შ.
დღეს კი ცნობილი აღმოჩენების გამო პირველი ევროპელების სამშობლოდ აღიარებულმა დმანისმა უკვე მსოფლიო შემოიარა სენსაციური აღმოჩენებით.
ოდესღაც „აქლემის გზაზე“ გაშენებული დმანისის მშვენებას დღეს სიონის VI-VII საუკუნეების ტაძარი წარმოადგენს და ჩვენი პირველი ჩასვლისას ძირითადი აქცენტი სწორედ მასზე და მის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა ტიპის ნაგებობაზე გაკეთდა.
რასაკვირველია, ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რაც დაცული უნდა იყოს ეროვნული არქივის საცავებში დმანისთან დაკავშირებით და ამ ექსპედიციასაც მხოლოდ გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მომავალში ეროვნული საარქივო ფონდის შევსების მიზნით ჯგუფი კვლავ გეგმავს არაერთ ექსპედიციას დმანისის ნაქალაქარში.