ოქტომბერი 548
en

UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013, 2015 და 2017 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანა.

საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარდგენების შემდეგ UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი შეტანილია: 

2017 წელი – სახარება-პალიმფსესტი, IX-X, XII-XIII, XIV სს.

ხელნაწერის ფურცლების დიდი ნაწილი პალიმფსესტურია. შიგადაშიგ ორმაგი პალიმფსესტებიც გვხვდება, რომლებშიც ქრონოლოგიურად სამი ფენა იკვეთება: უძველესი ფენა ასომთავრულია, ამ ეტაპზე იგი IX-X საუკუნით შეიძლება დათარიღდეს; XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული შუა ფენა ნუსხურია; ზედა, მესამე ფენაც ნუსხურადაა ნაწერი და შეიძლება უხეშად XIV საუკუნით დათარიღდეს.

ზედა, ქრონოლოგიურად ბოლო ფენის გადამწერი და შიგადაშიგ გამცხოველებელი არის ვინმე გიორგი, ხოლო მომგებელი - ბერი ესტატე.

ხელნაწერში მრავლად გხვდება ანდერძ-მინაწერები (XIII-XVIII სს.), რომლებიც შესრულებულია როგორც ასომთავრულით, ასევე ნუსხურითა და მხედრულით. შესაბამისად, ამ ხელნაწერის პალიმფსესტურ ფენებსა თუ ანდერძ-მინაწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპი.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

2015 წელი – 8 უძველესი ხელნაწერი:

  • ანბანდიდი სახარება, IX საუკუნე.
  • ფსალმუნები, X საუკუნე.
  • ლექციონარი, X საუკუნე
  • ნევმირებული ძლისპირი, X-XI საუკუნეები და პალიმფსესტები:
  • ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1440/1462 წელი. წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი მთავარეპისკოპოს იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი.
  • ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1441 წელი, შეუვალობის განახლების სიგელი, მეფე ალექსანდრე დიდისა ივანე მაკუჭაძისადმი.
  • ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე; სავარაუდოდ, კანონიკური ტექსტი. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1447 წლის 25 დეკემბერი. ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი გაცემული მეფე გიორგი VIII-ის მიერ.
  • ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური; თარიღის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი - IX საუკუნე. ზედა ფენა: კუთხოვანი ნუსხური; ХIII-XIV საუკუნის მარხვანი.

2013 წელი – ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.

ატლასი ჩასმულია მწვანე ფერის მოზაიკურ მუყაოს ყდაში, შედგება 19 რუკისა და ბაგრატიონთა 2 გენეალოგიური სქემისგან. ავტოგრაფი ეროვნულ არქივში 1925 წელს სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან შემოვიდა. 1745 წლის ხელნაწერი ატლასი სრულად არის შემონახული.

ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ჩართული იყო რუკები, ქრონიკები, კინკლოსი და საძიებელი. სავარაუდოდ, აზიის მუზეუმში მოხვედრისას ხელნაწერი დაიშალა და ატლასი ცალკე აიკინძა. დღეისათვის ეროვნულ არქივში ვახუშტის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ორი ხელნაწერის სახითაა დაცული.

ნაშრომით ვახუშტი ბატონიშვილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის პირველ სრულყოფილ გეოგრაფიულ აღწერას გვაძლევს და საქართველოს კარტოგრაფიულ აღწერაში  დღემდე რჩება კავკასიის რეგიონის გეოგრაფიის შესწავლის საფუძვლად.