დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921
თბილისის საკრებულოს შენობაში გამოფენა ”დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921” გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა ქალთა ისტორიის თვეს და პატივს მიაგებდა პირველ ქართველ პოლიტიკოს ქალებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში. 1919 წელს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა. შედეგად, დამფუძნებელი კრების წევრად 5 ქალი იქნა არჩეული.
ღონისძიება ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით მოეწყო. გამოფენა გაიმართა პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს _ USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში და გალში. პროექტის პარტნიორები არიან: ფონდი ტასო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.