პირველი ფოტოგრაფიული სურათები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, გადაღებულია ალექსანდრე ივანიცკის მიერ 1858 წელს. მათზე ასახულია თბილისისა და მცხეთის ხედები.
საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის საცავებში თავმოყრილია 438 212 ერთეული ფოტომასალა - პოზიტივები და ნეგატივები - მათ შორის, მინაზე შესრულებული.
არქივში, ძირითადად, თავმოყრილია: ალექსანდრე როინიშვილის, კონსტანტინე ზანისის, ნიკოლოზ საღარაძის, ედუარდ კლარის, დიმიტრი ერმაკოვისა და სხვათა ნამუშევრები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრები: ბათუმის, ფოთის, სოხუმის, ბორჯომის ხედები; ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის მშენებლობა; საქართველოს ეკლესია-მონასტრები. დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები ჩვენთვის ძვირფასი ეთნოგრაფიული მასალაა.
არქივის კოლექციებში გაერთიანებულია რუსეთ-თურქეთის ომების, ჰიდროელექტროსადგურის, ფერომანგანუმის პირველი საცდელი ქარხნის მშენებლობის (1928 წელი) ამსახველი ფოტოდოკუმენტები და მრავალი სხვ.
ფოტომასალა პერიოდულად სკანირდება და ემატება ამ ვებგვერდს.
მოქნილი საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევთ, იპოვოთ თქვენთვის საინტერესო ფოტო და შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად, ან ნებისმიერი მათგანი შეინახოთ საძიებო პროგრამაში, თქვენს პირად ალბომში.