ოქტომბერი 548
en

ისტორია

თანამედროვე არქივის ისტორიის ათვლა 1878 წელიდან იწყება. ამ წელს კავკასიის  არმიის  შტაბთან  ე. წ.  სამხედრო-საისტორიო განყოფილება გაიხსნა, ამავე დროს ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამაც, რომლის წევრების ძალისხმევით  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დოკუმენტური მასალა შეგროვდა. დოკუმენტების მოძიების თვალსაზრისით აქტიური მუშაობა შეაფერხა ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ, აგერთვე,  პირველ  მსოფლიო ომთან დაკავშირებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, საზოგადოების დაფინანსების შემცირებამ და   სხვა ფაქტორებმა. ხოლო ის მასალა, რომელიც  უკვე შეგროვილი იყო, უსაფრთხოების მიზნით ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნეს.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, კვლავ დადგა ქვეყანაში გაფანტული საარქივო მასალების თავმოყრის საკითხი. ამავე წლის ივნისში მთავრობამ გადაწყვიტა პირველი მსოფლი ომის საომარი მდგომარეობის აღმწერი კომისია შეექმნა, რომელიც შეაგროვებდა საქართველოში არსებულ პირველი მსოფლიო ომის ამსახველ დოკუმენტებს. მოხსენებაში განხილული იყო არქივის რაობა და მნიშვნელობა. მოხსენებას თან ერთვოდა კანონპროექტი - არქივების ორგანიზებისა და  საარქივო ფონდების შესახებ. ანალოგიური შინაარსის წერილი, 1920 წლის 12 იანვარს, საქართველოს დემოკრატიულ  მთავრობას მისწერა გამოჩენელმა ქართველმაა ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ექვთიმე თაყაიშვილმა, რის შემდეგაც  საბოლოოდ დადგა დღის წესრიგში არქივების ორგანიზების საკითხი.

1920 წლის 23 აპრილს მიღებული კანონის საფუძველზე, დაარსდა ცენტრალური სამეცნიერო არქივი. მის ბაზად იქცა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი სამეფო დაწესებულებების საუწყებო არქივების მასალები,  რომელიც 1914 წლიდან პირველი მსოფლიო ომის გამო ჩრდილო კავკასიის ქალაქებში: ვლადიკავკაზში, ყუბანში, ყიზლარში და გეორგიევსკში გახიზნეს. ამავდროულად, დაარსდა: სამხედრო ისტორიული არქივი, ძველ საბუთთა არქივი, ისტორიულ-რევოლუციური არქივი და იურიდიული არქივი. 1939 წელს ზემოჩამოთვლილი არქივები გაერთიანდა და დაარსდა ერთი საუწყებო არქივი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივი ეწოდა.

საისტორი არქივის დაკომპლექტებისა და დღევანდელი სახით ფორმირების ისტორიაში რამდენიმე ძირითადი მოვლენა გამოიყოფა:

  • 1923 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩრდილო კავკასიაში გახიზნული მასალა არქივს დაუბრუნდა  შესაბამისი წესით შესანახად;
  • გიორგი ბოჭორიძის, შალვა ჩხეტიას და სხვა მეცნიერების საველე ექსპედიციები საქართველოს ტერიტორიაზე ძველ საბუთთა დოკუმენტების  გამოსავლენად; ასევე, მეფისნაცვლის კანცელარიის, ამიერკავკასიის მთავარმმართებლის და სხვა ძირითადი ფონდებიდან ამავე თემატიკის დოკუმენტების გამოყოფა.  მეცნიერებმა დიდი მუშაობა  გასწიეს დაზიანებული ძველი საბუთების პირების გადასაწერად და ცალკე ფონდად შესაქმნელად;
  • გურამ შარაძის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველი  დოკუმენტების -  ე.წ. „ჰარვარდისა და ლევილის“ კოლექციების საქართველოში ჩამოტანა;
  • თანამედროვე ეპოქა, როდესაც იწყება დოკუმენტების დიგიტალიზაცია და სხვადასხვა ორგანიზაციიდან ხდება ელექტრონული არქივების მიღება-დამუშავება.

საისტორიო არქივის  დოკუმენტების ქრონოლოგიური ჩარჩოა IX ს.- 1921 წელი. საისტორიო ცენტრალური არქივი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის შემადგენლობის სტრუქტურული ერთეული.

საისტორიო ცენტრალური არქივი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულებაა. აქ დაცული დოკუმენტები საუკეთესო წყაროა  როგორც საქართველოს, ისე კავკასიის ხალხების ისტორიის შესასწავლად.

არქივში ინახება 876  ფონდის 834638  შესანახი  ერთეული. მიღებულია, აგრეთვე, პირადი წარმოშობის დოკუმენტები, რომელთა  სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება  ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საისტორიო არქივის დოკუმენტების მნიშნელოვან ნაწილს შეადგენს მმართველობითი ფონდები. ამ ფონდებიდან მეცნიერ-თანამშრომლების  მიერ სხვადასხვა დროს მოხდა IX- XVIII  სს. დოკუმენტების გამიჯვნა და შეიქმნა ძველ საბუთთა კოლექციები, რომლებიც საისტორიო ცენტრალური არქივის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს შეადგენენ.  ორმოცდახუთი პირადი წარმოშობის ფონდი ასახავს  სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებასა და საქმიანობას.