ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.
წიგნი სპორტსმენის დედის, დოდო ხარაზიშვილის ავტორობით ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა და 21 წლის სპორტსმენის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სპორტულ კარიერაზე მოგვითხრობს.
ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს საგანგებოდ ესტუმრნენ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენტდი და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კრისტონ შვეიგერი.
ღონისძიება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიბადა 1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში. საციგაო სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა. ვარჯიში 2001 წელს 13 წლის ასაკში დაიწყო. იყო ბევრი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილე, არაერთხელ მიაღწია წარმატებას. ახალგაზრდა სპორტსმენი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში, საკვალიფიკაციო დაშვებისას, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.
მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა.