საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
ევროპული კულტურის ფესტივალზე, „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, დღეს ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ექსპოზიცია „საქართველო – შეხვედრების ადგილი“.
1745 წელს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი ავტოგრაფული ატლასი 19 რუკას აერთიანებს. ბრიუსელში მიმდინარე გამოფენის სტუმრებს ქართული სამეფო-სამთავროებისა და მიმდებარე ტერიტორიების რუკის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. ვახუშტის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ 2013 წლიდან შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში.
გამოფენა, რომელიც 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, საქართველოს მუზეუმებში, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ 200-ამდე ექსპონატს აერთიანებს. ექსპოზიცია ასახავს საქართველოს ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას ნეოლითის ხანიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით. გამოფენის გახსნას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძე დაესწრო.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი.