საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ 24-25 სექტემბერს ონლაინფორმატში გაიმართება.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებას 180-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი წაიკითხავს. მონაწილეთა შორის, საქართველოს გარდა, არიან გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ფინეთის, იაპონიის, პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული არქივის დაარსების 100 წლისა და მეფე ერეკლე II-ის დაბადების 300 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.
ღონისძიება მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნება, ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; მეფე ერეკელე II.
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციის მიმდინარეობას ლაივრეჟიმში, ეროვნული არქივის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, ადევნონ თვალი.