ოქტომბერი 548
en

„აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში“ - 100 წელი ფილმის გადაღებიდან

პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღებიდან 100 წელი გავიდა. 1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა. 
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ფილმთან ერთად, ინახავს ვასილ ამაშუკელის მოგონებებს „აკაკის მოგზაურობის“ გადაღების პროცესზე. ეროვნულ საარქივო ფონდშია, ასევე ფოტოები, რომელიც ამ მოგზაურობის დროს ფოტოგრაფს გადაუღია და ფილმი ვასილ ამაშუკელზე, სადაც ის სტუდენტებთან შეხვედრისას ფილმის გადაღების დეტალებს იხსენებს. 
ვასილ ამაშუკელის მოგონებიდან და იმ კადრებიდან, რომელიც მგოსნის მოგზაურობას შეეხება, ცხადი ხდება, როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე აკაკის სტუმრობას. 
კინოოპერატორი იგონებს, რომ მხცოვანი მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა, მას ყველგან სახალხო სანახაობებით, დიდი, საგანგებოდ მორთული სუფრით ხვდებოდნენ. აკაკის განსაკუთრებით მოწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული - ასზე მეტი მოხუცი, თეთრწვერა რაჭველები, მოხუც ქალებთან მკლავი-მკლავში გადადებულნი, შეხმატკბილებულნად მღეროდნენ და აყოლებდნენ ძველებური ფერხულის სიმღერას ფეხს. აკაკიმ ვასილ ამაშუკელ მიიხმო და სთხოვა: „არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო“. 
კიდევ ერთი თხოვნა აკაკისა ვასილ ამაშუკელის მიმართ ნიკორწმინდის საგანძურისა და ფრესკების გადაღება იყო. 
კინოოპერატორი იგონებს, რომ მოგზაურობის დატვირთულმა პროგრამამ მგოსანი ვერ დაღალა. თანმხლებთა დაჟინებაზე, დაესვენა, აკაკი გააჯავრა კიდეც. 
ფილმის ჩვენება 1912 წლის სექტემბერში ქუთაისში გაიმართა, 15 დღის განმავლობაში დარბაზი ხალხით სავსე იყო. ასეთივე წარმატებით აჩვენეს ფილმი საქართველოს სხვა ქალაქებშიც.