ოქტომბერი 548
en

ანონსი - თურქეთის დელეგაციის ვიზიტი

15 აპრილს, 11.00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და თურქეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი უღურ უნალი ხელს მოაწერენ მემორანდუმს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის საარქივო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 

პარალელურად ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული, ძველ ოსმალურ ენაზე შესრულებული დოკუმენტები, ასევე, ფოტო და წერილობითი მასალა თურქეთისა და კავკასიის, თურქეთისა და დამოუკიდებელი საქართველოს ურთიერთობის შესახებ.ღონისძიებას დაესწრება თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. 

მემორანდუმი ითვალისწინებს საარქივო დოკუმენტების ასლების გაცვლას, ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე დოკუმენტების რესტავრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. მხარეები თანხმდებიან, რომ მოაწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს და იმუშავებენ სამეცნიერო პუბლიკაციებზე.

თურქეთის დელეგაცია, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო არქივის გენერალური დირექტორის უღურ უნალის ხელმძღვანელობით, საქართველოს 14 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სტუმრები დაათვალიერებენ, ასევე, იუსტიციის სახლს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ექსპოზიციებს. 

თურქეთის დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.