24 ოქტომბერს, 16:00 საათზე გამოფენა „რეპრესიები საქართველოში“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება. ექსპონატების დიდი ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინება.
ექსპოზიციას საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე რეპრესირებულთა შთამომავლები.
1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალით, წერილობითი დოკუმენტებითა და მემორიალური ნივთებით დამთვალიერებელს წარმოდგენა შეექმნება 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.
საბჭოთა რეპრესიებს საქართველოში ათასობით ადამიანი შეეწირა. გამოფენის მზადების პროცესში ეროვნული არქივი რეპრესირებულთა ოჯახებს დაუკავშირდა. მათ მიერ არქივისათვის გადაცემული უნიკალური დოკუმენტები და ნივთები ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა ასახავს სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, ევგენი მიქელაძის, ქეთევან ორახელაშვილის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, პაოლო იაშვილის, ამბროსი ხელაიას, შალვა ნუცუბიძის, კირა ანდრონიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას ვაჟის - ლევან რაზიკაშვილის, სერგი გორგაძის შვილის - დავით გორგაძის, გიორგი ლეონიძის ძმის - ლევან ლეონიძის, კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის - ნინო ცინცაძე-ყარალაშვილის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების - ისიდორე რამიშვილის, გრიგოლ გიორგაძის, ბენია ჩხიკვიშვილის, ქრისტინე შარაშიძის, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ანა სოლოღაშვილის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, მინადორა ტოროშელიძე-ორჯონიკიძისა და სხვა მრავალი ადამიანის ისტორიას.
გამოფენის დამთვალიერებელი იხილავს ტიციან ტაბიძის უკანასკნელ ფოტოს, მის ფაქსიმილეს, გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ავტოგრაფს, რომელიც მან დახვრეტილ მეგობარს, „არტისტული ყვავილების“ გამომცემელს, პეტრე გვარამიას (ტუტკუს) მიუძღვნა, ევგენი მიქელაძის პარტიტურას, ვახტანგ კოტეტიშვილისეულ მარმარილოს ქანდაკებას, შალვა ნუცუბიძის მიერ გადასახლებიდან ჩამოტანილ შანდალს, ლევან ლეონიძის, ნინო ცინცაძე-ყარალაშვილის, დავით გორგაძის პირად წერილებს, ღვთისმშობლის ნატყვიარ ხატს და სხვა ნივთებს.
აღსანიშნავია, რომ 25, 26 და 27 ოქტომბერს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“, რის გამოც ამ დღეებში გამოფენაზე დაშვება შეზღუდული იქნება.
გამოფენის კურატორები: ქეთევან ასათიანი, გიორგი კაკაბაძე.
გამოფენა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.