ოქტომბერი 548
en

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდა ბენეფიციარები ეროვნულ არქივს სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს ახალი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი შესთავაზა.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სასწავლო ვიზიტებს ითვალისწინებს. ერთობლივი პროექტის სახელწოდებაა „ვიზიტი ეროვნულ არქივში“, რომლის საშუალებით ახალგაზრდები  ერის დოკუმენტურ მეხსიერებას ეცნობიან. 

15 მოსწავლისაგან შემდგარი პირველი ჯგუფი ეროვნულ არქივს უკვე ეწვია. ახალგაზრდები საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული უძველეს დოკუმენტებს გაეცნენ, დაათვალიერეს გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ და დოკუმენტების საცავი. 

„პროექტის ფარგლებში ჩვენთან სტუმრად გახლავთ მოსწავლეთა ჯგუფი, რომლის წევრები დაინტერესდნენ ჩვენს საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტებით. იმედი მაქვს, რომ სხვა ოთხი ჯგუფიც ასეთივე ინტერესით გაეცნობა ეროვნულ არქივში დაცულ მასალას“, - განაცხადა თეონა იაშვილმა. 

ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი პაპავამ. მისი თქმით, პროექტში დანაშაულის პრევენციის ცენტრის 75 ბენეფიციარია ჩართული. 

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება,  სკოლის მოსწავლეთა კიდევ ოთხი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული არქივის სტუმრები დაათვალიერებენ არქივის საცავებს; დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიას, სადაც შეძლებენ თავად სცადონ მულაჟის რესტავრაცია; ნახავენ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტურ კინოკადრებს; მიიღებენ ინფორმაციას ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტების შესახებ. 

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებში სამოქალაქო და შემეცნებითი ცნობიერების ამაღლებაა.