ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივში დაცული 400 ხელნაწერი ახალი სტანდარტებით აღიწერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ხელნაწერთა აღწერილობების მორიგი, IV ტომი, გამოსაცემად მომზადდა. ამ დროისათვის საერთაშორისო სტანდარტებით უკვე 400 ხელნაწერია აღწერილი. 

ახლად აღწერილ ხელნაწერებს შორისაა: ანჩის სახარება, კალმახის ციხის სახარება, „წმინდა გიორგის ლექსად თქმული ცხოვრება“, ლავსაიკონი, შიომღვიმის გულანი, ასკეტიკური თხზულებები, ჰიმნოგრაფიული კრებული და სხვა. მათზე მუშაობისას გამოვლინდა აქამდე უცნობი ანდერძ-მინაწერები, გადათარიღებული და დაზუსტებულია ხელნაწერთა თარიღები, რიგ შემთხვევაში ხელახლა მოხდა ცალკეულ კრებულებში შესული ტექსტების იდენტიფიცირება. 

ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათ აღწერილობაზე მუშაობის განახლებამდე მეცნიერები 1950 წელს დაბეჭდილი აღწერილობებით ხელმძღვანელობდნენ. 2014 წელს ეროვნულ არქივში დაიწყო პროექტი „ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგი“ და შეიქმნა ხელნაწერთა აღწერილობის ახალი სტანდარტი. აღწერილობის პირველი, მეორე და მესამე ტომები 2016-2019 წლებში გამოიცა. მეოთხე ტომში შევა იმ ხელნაწერთა აღწერები, რომლებსაც კოლექციაში მინიჭებული აქვს ნომრები 301-დან 400-ის ჩათვლით.