XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ეთნიკური ბერძნების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნი „ბერძნები საქართველოში“ საზოგადოებას ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წარედგინა.
პუბლიკაცია, რომლის ავტორია ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი ნინო ბადაშვილი, მოიცავს ფოტოებს, წერილობით დოკუმენტებს, რუკებს, არქიტექტურულ ნახაზებს. მასში აღწერილია საქართველოში ბერძნების ცხოვრება მეფის რუსეთის დროს; ბერძენი მეწარმეების საქმიანობა საქართველოში; დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს რესპუბლიკასა და საბერძნეთის სამეფოს შორის 1918-1921 წლებში.
ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საბერძნეთის ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ირინე დარჩია, ბიზანტინოლოგი, ნეოგრეცისტი თამარ მესხი და სხვები. წიგნში წარმოდგენილი დოკუმენტები, რომელთა უდიდესი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
გამოცემა მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში ზოგადად ეთნიკური უმცირესობების შემსწავლელი მეცნიერებისთვის, ასევე ნეოგრეცისტებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისთვის.