ოქტომბერი 548
en

ეროვნულ გალერეაში გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გაიხსნა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში 12 ოქტომბერს გაიხსნა. 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად იქნება წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.  

გამოფენა გახსნა იუსტიციის მინისტრმა, მოწვეულნი იყვნენ: დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, ქართველი ემიგრანტისა და ლევილის შატოს მოამაგის მამია ბერიშვილის მემკვიდრე ტიერი ბერიშვილი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ფრანგულ-ქართული კულტურის ასოციაციას ხელმძღვანელობს.

გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 140 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია, ასევე, ხუთი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლის წინათ გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიღებულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი ძალზე პროგრესული სამართლებრივი აქტია.
 
სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია დროებით დამარცხდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინება ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის დოკუმენტები პირადი საარქივო ფონდიდან, რომლის ციფრული ვერსია ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან საქართველოში 2015 წელს  ჩამოიტანეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით.

გამოფენისათვის შექმნილია სპეციალური კატალოგი.

საქართველოს ეროვნული გალერეა გამოფენას უმასპინძლებს 31 ოქტომბრის ჩათვლით, ნოემბერში კი ის რეგიონებში გადაინაცვლებს და დამთვალიერებელი ჩვენი ქვეყნის პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენას თელავში, კახეთის რეგიონულ არქივში, ასევე, "თიბისი" ბანკის ბათუმისა და ქუთაისის საგამოფენო სივრცეში იხილავს.

ღონისძიება ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და "თიბისი" ბანკის მხარდაჭერით არის ორგანიზებული.