ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივი უნიკალური დოკუმენტების რესტავრაციას აგრძელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში უნიკალური დოკუმენტების რესტავრაცია-კონსერვაცია გრძელდება. ამჯერად, რესტავრაცია ჩაუტარდა სამ ხელნაწერ დოკუმენტს. მათ შორის 166,5 სმ სიგრძის გრაგნილს, რომელიც წარმოადგენს 1697 წელს მეფე ერეკლე I-ის მიერ დავითგარეჯის მონასტრისადმი მიცემულ შეწირულების წიგნს. ამ საბუთით ერეკლე I-მა მეუდაბნოე ბერებს შესწირა ჩიჩხიტურის მამული, ბერთუბანსა და დოდოს კოშკთან მდებარე ფარეხები.
საბუთის დამწერია კარის მდივანმწიგნობარი გივი თუმანიშვილი. აღსანიშნავია, რომ საბუთი შესრულებულია ქაღალდზე, რომელსაც აქვს ჭვირნიშანი – სამი მთვარე.
რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა, აგრეთვე, XIX საუკუნეში სარგის კაკაბაძის მიერ გადაწერილი საბუთის პირი, რომელიც მას XIII საუკუნის შეწირულების სიგელიდან გადაუწერია. საბუთი გარეჯის დოდორქის მონასტერს ეხება და აქვს მინაწერი: “ბარცანის სიგელი”. ეს საბუთი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი უძველესია დავით გარეჯის მონასტრის საბუთებს შორის. მისი დედანი დაკარგულია.