ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაცია 2017 წელს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2017 წლის განმავლობაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 22 126 ქაღალდისა და 48 ეტრატის ფურცელს, 1196 ფოტოპოზიტივს, 16 რუკას, 86 ტექნიკურ ნახაზს, 5 აფიშას, 136 გაზეთს, 1 წიგნსა და სხვა საარქივო მასალას.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული XVIII-XIX საუკუნეების 250-მდე საბუთი, მათ შორის: მეფეების სიგელები, წყალობის, ნასყიდობის წიგნები, განაჩენები, სხვა ისტორიული საბუთები.

გარდა ამისა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტებს.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა: ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის“ კლავირი; ა.შანიძის მიერ შედგენილი ქართული ენის გრამატიკის პროგრამები, სახელმძღვანელო გეგმები, ჩანაწერები ექსპედიციის შედეგების გამოცემისათვის და სხვა.

რესტავრირებულ ფოტოდოკუმენტებს შორის აღსანიშნავია ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა (1922-24 წწ.) და საგურამოში ილია ჭავჭავაძის   სახლ-მუზეუმის გახსნის  (1951 წლის 27 მაისი) ფოტოალბომები. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა, რაც შესაძლებელს ხდის კიდევ უფრო მაღალი დონის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას და რესტავრატორთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.