პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებში ეროვნული არქივის ჯგუფმა 2 თებერვალს ფოტოსა და ვიდეოზე გელათის მონასტერი აღბეჭდა.
პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი და უჯარმის ციხე.
ეროვნულ არქივში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური კინო და ფოტოდოკუმენტები. ამ პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალები კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ საგანძურს და მცირე ხანში ფასდაუდებელი წყარო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის.