„საზოგადოების“ გულწრფელი ნატვრაა, ინებოთ თქვენ მისი საპატიო წევრობა მისდა სასიქადულოდ და თავმოსაწონებლად“ - ილია ჭავჭავაძის წერილი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს.
„დიდ პატივად და ჯილდოდ ვრაცხ ჩემ თავს მათგან საპატიო წევრად აღრჩევისა“ - გაბრიელ ეპისკოპოსის პასუხი ილიას.
ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს საზოგადოების საპატიო წევრობის შესახებ საერთო წევთა კრების თხოვნას უგზავნის:
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საერთო წევრთა კრებამ 21 ნოემბერს 1890 წ. ერთხმად აღიარა უღრმესის პატივისცემით და გულითადის მადლობით თქვენი მრავალგვარი სამაგალითო მოღვაწეობა საზოგადოდ და ქართულის მწიგნობრობის გავრცელებისათვის საკუთრად და ერთხმადვე დაადგინა უმორჩილესად გთხოვოთ, მიიღოთ ამ „საზოგადოების“ საპატიო წევრობა... საზოგადოების გულწრფელი ნატვრაა, ინებოთ თქვენ მისი საპატიო წევრობა მისდა სასიქადულოდ და თავმოსაწონებლად“.
ეპისკოპოსი გაბრიელი ილია ჭავჭავაძეს: „უმორჩილესად გთხოვთ, გარდასცეთ ჩემგნით, „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ კრებას, რომ დიდ პატივად და ჯილდოდ ვრაცხ ჩემ თავს მათგან საპატიო წევრად აღრჩევისა... მე არ ვრაცხ ჩემ თავს ღირსად იმ ქებათა, რომელნიც ამოვიკითხე თქვენ წერილში და ვგონებ, რომ მხოლოდ თქვენმა მეგობრულმა ჩემდამი განწყობილებამ შეგაგონათ თქვენი ამოდენი ჩემი ქება... მდაბალი გაბრიელ ეპისკოპისი იმერეთისა“.
დოკუმენტები დაცულია ეროვნულ არქივში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდში.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.