ეროვნული არქივი წარმოგიდგენთ კვირის დოკუმენტს - კინოსიუჟეტს „საზამთრო არდადეგების დღეებში“, რომელიც 1953 წელს არის გადაღებული.
სიუჟეტი შესულია კინოჟურნალ „ნორჩი თაობის“ 1953 წლის პირველ გამოშვებაში და მოგვითხრობს მოსწავლე-ახალგაზრდობის დასვენებასა და სათხილამურო წვრთნებზე დაბა ბაკურიანში.
კინოჟურნალი „ნორჩი თაობა“ გამოდიოდა 1947-1954 წლებში (შემდგომში სახელი შეეცვალა და ეწოდა კინოჟურნალი „პიონერი“). მასში ასახული იყო საბჭოთა ახალგაზრდობის აქტივობები - სწავლა, მუშაობა, დასვენება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს „ნორჩი თაობის“ 72 გამოშვებას.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.