ოქტომბერი 548
en

ნოე ჟორდანია „თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს“ ფონდის ბარათებში - კვირის დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული არქივი „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში პირველად აქვეყნებს დოკუმენტს „თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს“ ფონდიდან. ბარათებზე წარმოდგენილია ნოე ჟორდანია, მომავალში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელი. 

XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის პირველ ათწლეულში საგანგებოდ შექმნილ ბარათებზე დაწვრილებითი მონაცემებია შეტანილი მეფის რუსეთის დროს „ოხრანკის“ მიერ დაკავებული თუ დაჭერილი პირების შესახებ. ბარათებზე წარმოდგენილ ცნობილ პირთა ძირითად ნაწილს პოლიტიკური მოღვაწეები შეადგენენ: მიხაკო წერეთელი, რაჟდენ არსენიძე, გრიგოლ ურატაძე, ნოე ხომერიკი, ანა სოლოღაშვილი, გიორგი ლასხიშვილი და სხვები. ჟანდარმერიის ფონდი დიდი ხნის მანძილზე დახურული იყო.

ვინაიდან ნოე ჟორდანიას  ბარათი ამ მასალაში ორი აღმოჩნდა (პირველი შედგენილია 1908 წლის 12 სექტემბერს, ხოლო მეორე - 1910 წლის 4 დეკემბერს), გამონაკლისის სახით, ორივე დოკუმეტი ერთდროულად გამოქვეყნდა.

ბარათი #1

ნოე ჟორდანია

N2166. ასაკი გარეგნობის მიხედვით: 40-42 წლისა; დაბადების თარიღი: 1869 წელი; სიმაღლე: 1.75 მ.;

აგებულება: სრული, მკვრივი; წელის გარშემოწერილობა: 81; თმა: სწორი, საშუალო სიხშირის; წვერ-ულვაში: მოშვებული, ხშირი; სახე: თეთრი; შუბლი: მაღალი; ნაოჭები: მცირე ზომის; თავის ფორმა: წაგრძელებული; ცხვირი: ოდნავ კეხიანი, გრძელი; ყურები: წაგრძელებული, საშუალო; ღაბაბი: საშუალო.

სახელი, მამის სახელი: ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია; წოდება: აზნაური, სოფელი ლანჩხუთი, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა; დაბადების ადგილი: ოზურგეთი, სოფელი ლანჩხუთი; მამა: ნიკოლოზი (გარდაცვლილი); დედა: ქრისტინა ჩიქოვანი (მამის სახელი უცნობია); ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული; ცოლი: ინა ივანეს ასული (კორენევა); და: მარიამი (იგივე გულჩინა).

აღმსარებლობა: მართლმადიდებელი; განათლება: 1909 წელს ავადმყოფობის გამო დატოვა ვარშავის ვეტერინარული ინსტიტუტი; საქმიანობა: ლიტერატურული მოღვაწეობა.

უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი: ქუთაისის გუბერნია, ლანჩხუთი;  დაკავების თარიღი: 1910 წლის 14 დეკემბერი; ბრალდება: აჯანყებისა ან მოღალატეობრივი საქმიანობისადმი საჯარო მოწოდება და არსებული სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ გამოსვლა; ნასამართლეობა: პირველად დააკავეს 1901 წელს. შედეგი უცნობია;

დგომის მანერა: გამართული; მშობლიური ენა: ქართული

ბარათის შევსების თარიღი: 4 დეკემბერი, 1910 წ.

ბარათის შემვსები: თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსის თანაშემწე პოდპოლკოვნიკი შმიდტი

 

ბარათი #2

ნოე ჟორდანია

N382. ასაკი გარეგნობის მიხედვით: 40-41 წლისა; დაბადების თარიღი: 1869, 2 იანვარი;

სიმაღლე: 1.79 მ. აგებულება: სრული, მკვრივი; წელის გარშემოწერილობა: 98 სმ; თმა: ჭაღარა, სწორი, საშუალო სიხშირის; წვერ-ულვაში: ჭაღარა, ხშირი; სახე: ფერმკრთალი; გამომეტყველება: ქუფრი; თავის ფორმა: წაგრძელებული; თვალებს შორის მანძილი: საშუალო; ცხვირი: ოდნავ კეხიანი; ყურები: პატარა; ტუჩები: გულის ფორმის, მომცრო; მეტსახელი: ვახვახოვი.

ბარათის შევსების თარიღი: 12 სექტემბერი, 1908 წელი.