საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე რეგიონებში გამოფენებს აგრძელებს. 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია მესტიის იუსტიციის სახლში გაიხსნა.
გამოფენა მოიცავს წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში. არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრირებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.
2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მესტიის იუსტიციის სახლში გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.