ოქტომბერი 548
en

„პოლონელი მოღვაწეები საქართველოში“ - ვარშავაში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიხსნა გამოფენა „პოლონელი მოღვაწეები საქართველოში“. 
 ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მასალების, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კუთვნილი, პოლონელი მხატვრების შესრულებული ტილოების ციფრული ასლები.
ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, პოლონეთის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი სლავომირ რადონი, ორგანიზაცია „პოლონური საზოგადოების“ თავმჯდომარე ვოიჩეკ ვოჟნეკი, პოლონეთში საქართველოს საელჩის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
გამოფენის იდეა საქართველოსა და პოლონეთის არქივებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაჩნდა. მსგავსი გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში 2009 წლის გაზაფხულზეც გაიმართა.
ვარშავაში გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები პოლონეთის შესახებ, მათ შორის: XVI-XIX საუკუნეების პოლონური ხელნაწერი დოკუმენტები; 1824-1918 წლებში საქართველოში მცხოვრებ პოლონელთა პირადი საქმეები, სიგელები, მიმოწერა; ცნობები საგანმანათლებლო საზოგადოება "პოლონური სახლის" შესახებ. ასევე, ჰენრიკ ჰრინევსკის ილუსტრაციები 1914 წელს გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის I ტომისათვის; მიხეილ ვადბოლსკის მიერ 1930-1948 წლებში შესრულებული ქართველ მეფეთა გვირგვინების, გერბების, დროშებისა და ხელრთვის, ძველი ქართული სამოსის ილუსტრაციები; არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტები (კონსერვატორიის, რუსთაველის თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, უზენაესი სასამართლოს და სხვ.);  მასალები პოლონელი ინჟინრების, ექიმების, ხელოვანების, ეკონომისტების, იურისტების, ტოპოგრაფების და სხვა პროფესიათა წარმომადგენლების მოღვაწეობის შესახებ. 
ხელოვნების მუზეუმიდან გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრების: კირილ ზდანევიჩის, ილია ზანკოვსკის ზიგმუნტ ვალიშევსკის, ადამ მენძიბლოცის, მიხეილ ვადბოლსკის, ჰენრიკ ჰრინევსკის, იან პაევსკის და სხვათა ფერწერული ტილოების ასლები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის მასალების საფუძველზე მომზადდა კატალოგი, რომელშიც საგამოფენო ექსპონატებია შესული.
გამოფენა ვარშავის უძველეს, კრაკოვისკიე პრემესტიე ქუჩაზე 28 ივნისამდე გაგრძელდება.