ოქტომბერი 548
en

რკინიგზის ევროპული წლის ღონისძიებებს საქართველოს ეროვნული არქივი გამოფენით უერთდება

2021 წელი ევროკავშირის მიერ რკინიგზის ევროპულ წლად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით საარქივო პორტალის ევროპული ქსელის (APEx) ონლაინპლატფორმებზე წარმოდგენილი იქნება რკინიგზასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მასალა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საარქივო დაწესებულებაშია დაცული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი APEx-ის ინიციატივას შეუერთდა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის უნიკალური საარქივო დოკუმენტები წარადგინა. საქართველოს ეროვნული არქივის კოლექცია პირველია სხვა ქვეყნების საარქივო კოლექციებს შორის, რომელიც APEx-მა შეარჩია და თავისი სოციალური ქსელების გვერდებზე გამოაქვეყნა, ხოლო ახლო მომავალში ამავე კოლექციით გაიხსნება გამოფენათა ციკლი APEx-ის ვებგვერდზე.

საქართველოს ეროვნული არქივი ამიერკავკასიის რეგიონში რკინიგზის მშენებლობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მრავალფეროვან მასალას ინახავს. მათ შორის გამორჩეულია ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე სარკინიგზო ხაზების გაყვანას, სადგურების მშენებლობას, რკინიგზის გახსნის საზეიმო ღონისძიებებს, პირველ სარკინიგზო ავარიას ასახავს.

საარქივო პორტალის ევროპული ქსელის (APEx) მისიაა ევროპულ არქივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათი მასალების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით. საქართველოს ეროვნული არქივი APEx-ს 2014 წელს შეუერთდა.