საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 მაისს, 16:00 საათზე, გაიხსნება 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი დოკუმენტების გამოფენა. ამავე დღეს გაიმართება გივი ღამბაშიძის წიგნად გამოცემული მოგონებების - „ომის დღეების“ - პრეზენტაცია.
„ომის დღეები“ - ეს არის გიმნაზიის მოსწავლის, 18 წლის მოხალისე ჯარისკაცის, გივი ღამბაშიძის მოგონებები 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.
ეს გამოცემა ქართველ საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის ომის მიმდინარეობასა და არმიასა თუ მოსახლეობაში არსებული განწყობის შესახებ. მასში წარმოდგენილია სანგრებიდან დანახული ომი თავისი საშინელებებით. მოგონებები, ამასთანავე, სავსეა იუმორით, ახალგაზრდული შემართებითა და იმედგაცრუებით.
გივი ღამბაშიძემ მოგონებების წერა 1921 წლის ივნისში კონსტანტინოპოლში ყოფნისას დაიწყო. დღიურის სტილში აღწერილი ამბავი 1921 წლის 17 თებერვლიდან 7 მარტამდე პერიოდს მოიცავს. მასში ჩართულია უშუალოდ ომის პერიოდში - 24 თებერვალს - სანგარში გაკეთებული ჩანაწერი, ბოლოში კი დამატებული აქვს მცირე მოგონება 1925 წელს საქართველოდან მისი ემიგრაციის შესახებ.
გივი ღამბაშიძე დაიბადა 1902 წელს ცნობილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ ღამბაშიძისა და ამერიკელი ვანდა ჰოპეს ოჯახში. ვანდა ჰოპე თბილისის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორი და წითელი ჯვრის აქტიური წევრი იყო.