ოქტომბერი 548
en

საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ფონდის მიმოხილვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულია საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ფონდი, რომლის შესახებ ინფორმაცია ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება:
ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ფონდი მოიცავს 1922-1938 წლებს. ამ პერიოდის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შედგებოდა ორი: დიდი და მცირე პრეზიდიუმისაგან. დიდი პრეზიდიუმი განიხილავდა მიმდინარე, ხოლო მცირე პრეზიდიუმი საიდუმლო, დახურულ საკითხებს.
სრულიად საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებობდა მუდმივმოქმედი კომისიები და კომიტეტები, როგორიცაა: ეროვნულ უმცირესობათა, ქალთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების, კერძო ამნისტიის შემფარდებელი, საარჩევნო უფლებების აღმდგენი, ბავშვთა და სხვა კომისიები. აგრეთვე, ფიზიკური კულტურის, კულტურული მშენებლობის საბჭო, კინოკომიტეტი და სხვა.
ფონდში დაცულია: საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომის ოქმები, დადგენილებები, დეკრეტები სახელმწიფო დაწესებულებებში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების, სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის, წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისა და საქართველოში საერთო სავალდებულო სწავლების შემოღების, საქართველოს საზღვრების, საქართველოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიული  დაყოფის, რესპუბლიკის მოსახლეობის აღწერის ჩატარების, ისტორიულ ძეგლთა დაცვის უზრუნველყოფისა და სხვა საკითხების შესახებ.
ინტერესს იწვევს საქართველოს ეკლესიებში დაცული განძეულობის აღწერილობები (1922 წელი). აღწერილი ტაძრების ნაწილი კომუნისტურ პერიოდში დაანგრიეს, შემორჩენილი სიები კი საშუალებას გვაძლევს, წარმოდგენა ვიქონიოთ სხვადასხვა სოფელში იმ პერიოდისათვის მოქმედი ეკლესიების შესახებ. საყურადღებო მასალებია ეკლესია-მონასტრების დახურვის, საეკლესიო განძეულობის გამოყენების, რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის წესის, სასულიერო პირთა  შევიწროვების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული  მოქმედი ეკლესიებისა და სამლოცველო შენობების შესახებ.
მნიშვნელოვანი დოკუმენტებია საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან თავად-აზნაურთა გასახლების, სვანეთის გამოსვლების, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა კონტრევოლუციური გამოსვლების, 1924 წლის აჯანყების, კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის მსჯავრდადებულ პირთა შესახებ (მაგ.: კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი პაპავა, ლევან გოთუა, შალვა ბართაია, კოტე დადიანი, სილიბისტრო ყენია და სხვ.).
აქვე წარმოდგენილია საქართველოს ცაკ-თან არსებული კინო-კომიტეტის სხდომის ოქმები, მასალები კინომრეწველობის სააქციო საზოგადოების, კინო-კომიტეტის საქმიანობის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების სახალხო და დამსახურებულ მოღვაწეთა დაჯილდოების შესახებ.
საყურადღებო მასალებია ნაციონალურ უმცირესობათა კომისიის საქმიანობის, საქართველოს მაზრებისა და ქალაქების მოსახლეობის სოციალური და ეროვნული შემადგენლობის, ცნობები საქართველოში მცხოვრები გერმანელების, ებრაელების, პოლონელების, სომხების, აზერბაიჯანელების, ბერძნების, ქურთების, იეზიდების და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა შესახებ.
ფონდი ყოველთვის იწვევდა მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს. მისი გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.