ოქტომბერი 548
en

სარგის კაკაბაძის უნიკალური არქივის გამოფენას ეროვნული არქივი მასპინძლობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს  გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ გაიხსნა.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და სარგის კაკაბაძის შვილიშვილმა ცირა კალანდაძემ გახსნეს.

ისტორიკოსი და ფილოლოგი სარგის კაკაბაძე საქართველოს ეროვნული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო.

სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად არის წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

ფოტორეპროდუქციების გარდა გამოფენილია სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივში დაცული ორიგინალები: კაკაბაძეების საოჯახო ფოტოები და დოკუმენტები, გამოუქვეყნებელი და სრულიად უცნობი სამეცნიერო ნაშრომები, სარგის კაკაბაძის კუთვნილი არქეოლოგიური ნივთები; სარგის, დავით და არტემ კაკაბაძეებთან დაკავშირებული საინტერესო საარქივო მასალა.

სარგის კაკაბაძეს უმდიდრესი მემკვიდრეობა დარჩა: მონოგრაფიული ნაშრომები, სამეცნიერო სტატიები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტომასალა, ქართული განძის მოძრაობასთან დაკავშირებული ფასდაუდებელი დოკუმენტაცია, რომელიც ამ დრომდე გამოუქვეყნებელია, შესაბამისად, არ არის შესული სამეცნიერო მიმოქცევაში. ეროვნულ არქივში დაგეგმილი გამოფენა ამ მასალის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად გადადგმული პირველი ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს არქივების საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და დიდი მოამაგისადმი მიძღვნილი გამოფენა.

ექსპოზიცია 7 ივლისამდე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.