ოქტომბერი 548
en

„თბილისი - ურბანული ცვლილებები“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

გამოფენა „თბილისი - ურბანული ცვლილებები“ დღეს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა. ექსპოზიცია მიმოიხილავს მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების მთავარ მომენტებს.

გამოფენა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა.  ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

გამოფენის პარალელურად გაიმართა წიგნის „თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკული მოღვაწეობა 1917-1921“ პრეზენტაცია. წიგნის ავტორია თბილისის არქივის დირექტორი მაკა კვარაცხელია. ეროვნულ არქივში დაცულ მასალაზე დაყრდნობით გამოცემაში მიმოხილულია დედაქალაქის თვითმმართველობის მუშაობის ძირითადი მიმართულებები - ჯანდაცვა, კულტურა, განათება, წყალმომარაგება, კეთილმოწყობა, ტრანსპორტი და სხვ.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა თბილისის იმ ობიექტების ილუსტრაციას გვთავაზობს, რომლებიც ან არ შემორჩა, ან მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა. ფოტოების ანოტაციაში შენარჩუნებულია ადგილმდებარეობებისა თუ დაწესებულებების ძველი სახელწოდებები და ასევე, მოცემულია მათი თანამედროვე დასახელება. დასათაურებებში არსებული ცვლილებები, პოლიტიკური იდეოლოგიების მონაცვლეობის პარალელურად, ქალაქის ურბანულ ტრანსფორმაციაზე მეტყველებს.

გამოფენის კურატორის, ნინო ძანძავას თქმით, ექსპოზიცია აჩვენებს თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ფოტოგრაფია ვიზუალური მეხსიერების შენარჩუნებისა და განახლების პროცესში, როგორ შეიძლება ის იქცეს ქალაქის ისტორიის გააზრების სტიმულად. 

ექსპოზიციაში ასევე ჩართულია თბილისის გეგმებისა და რუკების ორიგინალები.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.