ოქტომბერი 548
en

ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი დაესწრნენ.

დავით ჯანდიერის განცხადებით, „ელექტრონული კატალოგის შექმნა გაუმარტივებს ეროვნული არქივის თანამშრომლებს საჭირო ინფორმაციისა თუ დოკუმენტის მოძიებას, შესაბამისად, მოქალაქეთა მომსახურება უფრო სწრაფად და კომფორტულად მოხდება. გარდა ამისა, კატალოგის გამოყენება დაიცავს დედან დოკუმენტებს ხშირი გამოყენებისგან“.

თეონა იაშვილის ინფორმაციით, „კატალოგში განთვსდება ფონდების, ანაწერებისა და საქმეების ანოტაციები, აგრეთვე, დოკუმენტების ციფრული ასლები.  ანოტაციები შედგენილია 3 საერთაშორისო სტანდარტის - ISAD, ISAAR, ISDF - მიხედვით. ამ ეტაპზე პროგრამაში განთავსებულია 20 000-მდე საქმის ანოტაცია და დოკუმენტების 34 000 გვერდის ციფრული ასლი. გარდა ამისა, უკვე დასკანერებულია 1 მილიონამდე გვერდი, რომელთა ატვირთვა კატალოგში ეტაპობრივად მიმდინარეობს“. 

აღსანიშნავია, რომ კატალოგს გააჩნია ძებნის მოქნილი მექანიზმი, რაც გულისხმობს ძებნას ფონდის, ანაწერის ან საქმის ნომრის მიხედვით; ძებნა, ასევე, შესაძლებელია საკვანძო სიტყვების, ფიზიკური ან იურიდიული პირების, თემატური ან გეოგრაფიული საძიებლის გამოყენებით.