1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებიდან 2024 წელს 100 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა დაიწყო ღონისძიებათა ციკლი, რომელიც 2023-2024 წლებში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი „ვებრძოდით, ვებრძვით და ვებრძოლებით!“ 1921 წლის 6 ივლისს თბილისის მუშათა სასახლეში სტალინთან შეხვედრის ისტორიას გვიყვება. ეს ღონისძიება, ისტორიკოსთა შეფასებით, ანტისაბჭოთა დემონსტრაციად გადაიქცა. (ვიდეოს ბმული: https://fb.watch/lCefHrpYbA/)
პროექტით დაგეგმილი გამოცემების, გამოფენების, საჯარო ლექციების, კონფერენციაზე სპეციალური სექციის გამართვისა და საგანმანათლებლო ვიდეორგოლების მიზანია საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921-24 წლებში, დამოუკიდებლობის აღსადგენად ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორია საზოგადოებას უკეთ გააცნოს.
ღონისძიებების ფარგლებში გამოიცემა სამი წიგნი: საარქივო დოკუმენტების კრებული „ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყება საქართველოში (1921-1924)“; მონოგრაფია „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებების ისტორიოგრაფია“ და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა, რომელშიც 1921-24 წლების საქართველოს პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი ისტორიები შევა.
გარდა ამისა, მომზადდება გამოფენა „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება: 1921-1924 წლების ანტისაბჭოთა პროკლამაციები; აჯანყების მომზადების, მიმდინარეობის, მარცხისა და საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული უსასტიკესი რეპრესიების ამსახველი საარქივო დოკუმენტები; აჯანყების ხელმძღვანელი და მონაწილე პირების ფოტოსურათები, მათი პირადი ნივთები და სხვა.
2024 წელს საქართველოს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებიდან 100 წლისთავს მიეძღვნება. მისი ერთ-ერთი სექცია 1924 წლის აჯანყების ამსახველ სამეცნიერო თემებს გააერთიანებს.