ღმრთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ღმრთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, ძველნაბეჭდი წიგნები და ფოტომასალა.
დამთვალიერებელს შესაძლებელობა აქვს იხილოს როგორც დოკუმენტების ფოტოასლები, ასევე ისეთი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერებისა და საბუთების ორიგინალები, როგორიცაა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი IX საუკუნით დათარიღებული ანბანდიდი სახარება, სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.), ნევმირებული საგალობელი (X-XI სს.), დავითნი (X ს.), სავენახე მიწის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ.); ასევე სხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერები და საბუთები: ანჩის სახარება (XII ს.), კალმახის ციხის სახარება (1534 წ.); შეწირულების წიგნი კათალიკოს დოროთეოსისა იტრიის ღმრთისმშობლისადმი (1592-1600 წწ.) და მრავალი სხვა; ეროვნული არქივის ფოტოკოლექციაში დაცული ტბეთის, ახტალის, ბიჭვინთის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრების, ბედიის მონასტრის ფოტოები და სხვა.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა 20 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.