საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისადმი მიძღვნილი ზეიმი. 1921 წლის 6 თებერვალი.
მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მხრიდან საქართველოს იურიდიულად აღიარების გამო თბილისში დიდი ზეიმი გაიმართა. მთელი ქალაქი მორთული იყო ყვავილებითა და ეროვნული დროშებით; გაიმართა სამხედრო აღლუმი, მოსახლეობაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს იუნკერთა სასწავლებლისა და რეგულარული არმიის პირველი ბატალიონის ჯარისკაცებმა. აღლუმს მეთაურობდა მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე. აღლუმის შემდეგ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს: ნოე ჟორდანიამ, გრიგოლ ლორთქიფანიძემ, ნოე რამიშვილმა, ვალიკო ჯუღელმა და სხვებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხოელი დიპლომატები.
ტრიბუნაზე პირველ რიგში, მარცხნიდან: მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია; ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, პოლკოვნიკი კლოდ ბეიფილდ სტოქსი; საფრანგეთის უმაღლესი კომისარი აბელ შევალიე; თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ქიაზიმ ბეი. მეორე რიგში, მარცხნიდან: საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი თურქეთში სვიმონ მდივანი; უცნობი პიროვნება; იტალიის ელჩი ჩერუტი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი; განათლების მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე; დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები: ალექსანდრე ლომთათიძე და ექვთიმე თაყაიშვილი. მესამე რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი (სტოქსის, შევალიეს და უცნობი პიროვნების უკან); საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე (ჩერუტისა და საბახტარაშვილის უკან); სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისა და დამფუძნებელი კრების წევრი ანდრო ჭიაბრიშვილი (გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ალექსანდრე ლომთათიძის უკან).
ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.